ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე საერთაშორისო სტანდარტები ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა.
„ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები და ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. შესაბამისად, შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში, არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლამდე ვინც იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და ასევე გავრცელდება მათზე, ვინც 2012 წლის შემდგომ, ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში.
„სრულ სიას იხიალვთ თქვენ იმ დღეს, როდესაც შევა ოფიციალურად სარჩელი, რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს. პრინციპი არის შემდეგი - პირველი ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა ცდილობენ გაიმართლონ თავი.
„ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და 5-ვე ჩავარდა. ამით, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს გაიმართლოს თავი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ციხეში მოხვედრა არავის უნდა და ოპოზიციის ნაწილი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნება.
“არავის უნდა მოხვდეს ციხეში, შესაბამისად, ისინი ემიჯნებიან საკუთარ თანამებრძოლებს. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებებით. ახლა, როცა ჩავარდა ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას, დამხობის მცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა აისახება კანონში.
„ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონიბით ადამიანზე ჩვენს ქვეყანაში, ძალადობს მის ეკონომიკაზე. პროტესტი უნდა გამოხატონ კანონის ფარგლებში, რასაც არ აკეთებენ ისინი. როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ. საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხარ 50, 100 ან 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა ახლა აისახება კანონში.
საუბარია საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას, სადაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება 100 და 150 კაცის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, მაგრამ გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნების გამეორებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე. რა იყო აბსურდი, ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებშია სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა მშვიდად განვითარდეს და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.
„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე.
„ჩვენ გვქონდა საერთო მიდგომა, რომ ყველა შენობაში შიგნით უნდა ყოფილიყვნენ მობილიზებული სპეცრაზმის წარმომადგენლები და ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე. ისინი გადავიდნენ ძალადობაზე და ძალადობის პირველი აქტი იყო ღობის მორღვევა. როგორც კი ღობე მოარღვიეს, ჯერ ჩაერია სახელმწიფო დაცვის სამსახური და მერე მაშინვე გაამაგრა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური სპეცრაზმმა. ეს იყო მოვლენების განვითარება. ყველაფერი წარიმართა ჩვენი ტაქტიკის შესაბამისად. როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი.
4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი - ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე. ეს იყო ჩვენი ტაქტიკა. როცა სპეცრაზმი გარეთ არის გამოყვანილი, ამან შეიძლება წაახალისოს ძალადობა, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა ტაქტიკა. ჩვენ ავირჩიეთ ტაქტიკა, ყველა შენობაში შიგნით იყო განლაგებული სპეცრაზმი და როდესაც აქციის კონკრეტული მონაწილეები გადავიდნენ ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლესთან, მაშინვე ჩაერთო სპეცრაზმი საქმეში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“როდესაც აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა, თუ პირიქით, ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ეხება ძალადობასაც, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა - ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე,”- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს ადამიანები ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რომ დაპირისპრებოდნენ ჯერ სპეცრაზმს და მერე სასახლეს.
„გახსოვთ 5-დღიანი ძალადობა როდესაც იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, მაშინ ტაქტიკურად სპეცრაზმი იყო გარეთ განლაგებული და გახსოვთ, რამდენმა სპეცრაზმელმა მიიღო უშუალოდ მაშინ ფიზიკური დაზიანება. როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ. ტაქტიკური გადაწყვეტილებები არის ჩვენი მისაღები. გარეთ რომ ყოფილიყო სპეცრაზმი, დაიწყებოდა პირველ რიგში ძალადობა სპეცრაზმელების წინააღმდეგ. ჩვენ მივიღეთ ტაქტიკური გადაწყვეტილება. ამ დროს ისინი გადავიდნენ ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლის მიმართ. საბოლოო ჯამში, ეს ძალადობაც ჩავარდა. ეს ადამიანები ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რომ დაპირისპირებოდნენ ჯერ სპეცრაზმს და მერე სასახლეს. ან მარტო სპეცრაზმსაც რომ დაპირისპირებოდნენ, ესეც იქნებოდა თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. გახსოვთ, 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ეს ადამიანები თავს ესხმოდნენ სპეცრაზმს და შესაბამისად, პარლამენტის სასახლეს. ეს არ იქნებოდა დამზღვევი ამ ადამიანებისთვის, რადგან როცა ძალადობ სპეცრაზმზე იმისათვის, რომ გინდა შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, ამით ძალადობ პრეზიდენტის სასახლეზე, ამიტომ ვერანაირად ვერ გაგათავისუფლებთ ეს პასუხისმგებლობისგან. რეალურად, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა, რომელსაც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ტელევიზიები. ჩვენ გამაგრებული გვქონდა ყველა შესაბამისი შენობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.