გუშინ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას 51-ე ადამიანად შეუერთდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ვალტონენის წარმომადგენლებს მის გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან , მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს. ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ითავსებდა ეუთოს თავმჯდომარის პოზიციას. ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, ველოდებოდით შეხვედრას და გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. კითხვები თუ ექნებოდათ, გაეცემოდა პასუხები ამ კითხვებს, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველია. მეორე საფუძველია რა - კანონში გაწერილია ის, თუ როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეხვედრას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო.
„მან ერთი ტყუილიც თქვა იქვე, აქციაზე და დილით დაამატა მეორე ტყუილი. მან ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პირიქით, პიკზე იყო აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როცა ევროპელი ლიდერები - ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას. შეხვედრის გაუქმების საფუძველი კანონსაწინააღმდეგო აქციაზე გასვლით შექმნა მან. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე
წარმოიდგინეთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე. თავისთავად ეს ადამიანებიც ხომ ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით. ეს ადამიანებიც ძალადობენ, რადგან კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხომ რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატომ გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტო 50 ან თუნდაც 300 კაცით, რადგან არ შეიძლება, უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხომ მოძალადეები არიან. როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავადაც შეგიძლიათ, შეაფასოთ რას ნიშნავს. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ - ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი 2 შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს - ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს. ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.