დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს, როგორც არ შეიძლება, იყოს მშვიდობიანი მკვლელობა ან ყაჩაღობა. თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია, იდეალურად ჩატარდა სპეცოპერაცია შსს-ს მიერ..- ირაკლი კობახიძე 

ყველაფერი მეორეხარისხოვანია ერთ ფაქტთან შედარებით - დაანონსდა დამხობის აქცია, სახელი ჰქონდა ამ აქციას - დამხობის აქცია, სიტყვა მშვიდობიანი აქ ოქსიმორონია, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი მკვლელობა ან მშვიდობიანი ყაჩაღობა, ასევე არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი დამხობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის 7 000-მდე მხარდამჭერი მისული იყო დამხობის აქციაზე და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

„დაანონსდა ის, რაც დაანონსდა - დეტალებში შედიოდნენ, იხსენებდნენ „ვარდების რევოლუციას“, შენობაში შეჭრაც დაანონსებული იყო, მარტო ის კი არა, რომ ვიღაცამ შეიძლება ქართული კარგად არ იცის და მშვიდობიანი დამხობა რომ არ არსებობს ვერ გაიგო, ამაზე კი არ იყო საუბარი, შენობებში შეჭრაც დეტალებში ჰქონდათ დაანონსებული. პირდაპირ იხსენებდნენ, მაგალითად, „ვარდების რევოლუციას“, რომელიც წარიმართა პარლამენტის შენობაში შეჭრით, ამიტომ სიურპრიზი არავისთვის იყო, რომ ერთ, ან მეორე შენობაში შეიჭრებოდნენ და შეარჩიეს პრეზიდენტის სასახლე. ამ ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის 7 000-მდე მხარდამჭერი, რაც შემორჩათ, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დანარჩენი ხომ ყველაფერი მეათეხარისხოვანია, ისიც, თუ ხაბეიშვილი ვისგან იღებდა ფულს, ვინ აგულიანებდა მას და ა.შ. არ გვინდა ამ თემაში შესვლა, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ბოლომდე გვიჭირავს სიტუაცია. ამ ადამიანებს, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ შიშები, თუნდაც კორუფციის გამო და აგულიანებდნენ ხაბეიშვილს. შეიძლება, რაღაცებს ჰპირდებოდნენ. როდესაც მე ვსაუბრობ პრევენციულ ზომებზე, ამ მიმართულებითაც იქნა მიღებული პრევენციული ზომები, რამაც გაგვიადვილა 4 ოქტომბერს რეაგირება. თქვენ ნახეთ, რომ თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია, ძალიან კარგად, იდეალურად ჩატარდა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია შსს-ს მიერ. პრევენციულმა ზომებმა ამაში შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაატაროს მარტივი საგამოძიებო ექსპერიმენტი - მივიდნენ მსგავსი ზომის რკინის ჭიშკართან თუ ღობესთან და ნახონ, რომ იგივე ძალის გამოყენებით ნებისმიერი ასეთი ღობე მოირღვევა.

„ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც და ნახეთ როგორც კი მიადგნენ ჭიშკარს, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, როგორც კი მოარღვიეს ჭიშკარი, მაშინვე ჯერ მყისიერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგერია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. ეს არის ფაქტები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაატაროს მარტივი საგამოძიებო ექსპერიმენტი. მსგავსი ზომის რკინის ჭიშკართან თუ ღობესთან. შეუძლიათ, მივიდნენ, იგივე ძალის გამოყენებით მოირღვევა თუ არა ნებისმიერი ასეთი ღობე. რა თქმა უნდა, მოირღვევა, დანარჩენი უკვე არის სასოწარკვეთილი ადამიანების საუბარი.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოზე რაც ჩანს, ყველას ახსოვს ის აქცია დეკემბერში, იქ არავინ არ ეჯაჯგურებოდა ღობეს. ამიტომ, როდესაც ერთ რამეს მეორე რამეს ადარებ, შესადარებელი უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა გასაგებია, ის იყო გამზადებული, როდესაც შეიჭრებოდა იქ მოძალადეთა ერთობლიობა, ისიც გამზადებული იყო შესასვლელად. ამიტომ, მას უწევს თავის მართლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის.

„მართლა ჰქონდათ ეს იმედი. ჩვენ ხომ ოპერატიული ინფორმაციაც გვქონდა, სერიოზულად ჰქონდათ იმედი, აქ, რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან შეეძლო გამოეცხადებინა თავი, კიდევ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტად. შეიძლება ღიმილის მომგვრელია დღეს, ეს იყო გეგმა, სულელი ხომ არავინ არის, ციხეში წავიდნენ ადამიანები, რწმენა ჰქონდათ.

დაახლოებით, რაც ხდებოდა 28 ნოემბრიდან, ასეთი ტიპის ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო ეს ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი, მაგრამ სწორი პრევენციული მუშაობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ აღარ მივიღეთ შედეგად ის, რაც გვქონდა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, როდესაც 5 დღეს გასტანა ბევრად უფრო მასშტაბურმა ძალადობის მცდელობამ. მაშინ 5 დღე დასჭირდა ამ ყველაფრის განეიტრალებას, ახლა ნახეთ, რომ ერთ დღეში მოვახერხეთ დამხობის მცდელობის განეიტრალება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.