მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის.
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.
მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს და ამ მუდმივ მზადყოფნაში ვეტერანების გამოცდილება ფასდაუდებელია.
„მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას!“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს.
„ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს. ამის პირობას გაძლევთ მამუკა მდინარაძესთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.