ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით.
„ერთდაერთი პრინციპი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი. ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.
„საუაბრია გადანაწილებაზე. მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია რომ შესაკრებთა გადანაცვლები, ჯამი არ იცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა არის ხარისხი და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსაუხურება.
„მთავარი გამოწვევა, ზოგადად, არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში, ემსაუხურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამაზეა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განათლების რეფორმის კონცეფცია.
„პირველ რიგში, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი.
რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ზოგადად, სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ, სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი, განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, მათ სჭირდებათ ჯანსაღი სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე.
„მე-12 კლასის საკითხი რომ ავიღოთ, დღეს იცით, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, მე-12 კლასში, თითქმის, არ დადიან ბავშვები სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე. ასეთ პირობებში, არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე. ყველა საკითხზე მზად ვართ მსჯელობისთვის. მთავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.