"გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა" - პრემიერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ მძიმე მდგომარეობას რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი. 

 

„ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან, ვგულისხმობ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. რაც მთავარია, საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.

 

„კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმდენი იქნება დაკავებული, რამდენიც ჩადიოდა ძალადობას და რამდენიც მონაწილეობდა ძლადობრივად დამხობის მცდელობაში. 

 

„ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში, ყველა უნდა შეეგუოს ამას. ჩვენ ვაფრთხილებდით, ყველანაირად ვცადეთ, დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს, შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. 

 

რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 პრემიერის თქმით, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

„ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს, თავის დროზე, მთავარ ფეიკზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ე.წ. PVT-ის, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. შეგახსნებეთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, -  აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე. 

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ“, -  განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს,“- განაცხადა პრემიერმა.