საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას - პრემიერი

საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა მომავალზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკისა და მდგრადი ზრდის განსახილველად, ცვალებად გლობალურ ლანდშაფტებზე რეაგირებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერების მიზნით.

„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას. მრავალფუნქციურ და მრავალმხრივ ცენტრად ჩამოყალიბების ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, აქტიურად ვაღრმავებთ რეგიონულ და გლობალურ ინტეგრაციას ვაჭრობის მასშტაბების გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ნაკადების შემოდინების გაძლიერების მიზნით.

ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები ამ ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მსხვილი პროექტები - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა - აძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის საიმედო ცენტრის შესაძლებლობებს. ეს ინიციატივები საშუალებას აძლევს ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი აბრეშუმის გზის - შუა დერეფნის - განვითარებას, რომელიც აღიარებულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სატრანსპორტო მარშრუტად

რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნესოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში უმაღლეს მაჩვენებლებზეა გასული. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო პირველად იქნა აღიარებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოებული „მარეგულირებელი შეზღუდვების არმქონე ქვეყნების ინდექსში“, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და გამოირჩევა ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას. კვლავ ღია ვართ ძლიერი, მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, რათა წინ წავწიოთ მდგრადი ზრდისკენ მიმართული საერთო მიზნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.