"უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება..." - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა, რომ ზედიზედ ორი წელია 1 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მმართველ პარტიას

 

„რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი. ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა, რომ ზედიზედ ორი წელია 1 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მმართველ პარტიას და კიდევ ერთხელ უარს ეუბნება რადიკალიზმს და უცხოურ აგენტურას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად სთხოვენ ხოლმე ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოხატონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აქაც კი ისინი ერიდებიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, როცა საქმე ეხება რეალურად ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

 

„ამ დროს ისინი კონკრეტული კრიმინალის წერილს პასუხობენ, ეს არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც სამწუხაროა.

 

„მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს. მაგრამ, ვიღაცეებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში, რადგან არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე.

 

„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა.

 

„მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთადერთ რამეს, რომ შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი.

 

„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა ქუჩას, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეში ხდება დაახლოებით 20-25 ადამიანის დაკავება. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმაზე ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი.

 

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე. მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი. ეს გვითხრა და ვეღარ შევხვდით, იმიტომ, რომ აკაცუკთან მოლაპარაკებას  აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.

 

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.

 

ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი შესაბამისი უწყებების საქმეა.

 

„ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა, დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყებები. მე ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. მიმართეთ შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, 2024 წლის 8 თებერვლიდან შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსცა საქართველოს მთავრობამ. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამოქვეყნებული. 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო მეტიც, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა. რაც შეეხება ენერგეტიკას, რაც შეეხება პირდაპირ პრივატიზაციას და ა.შ. ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან ხელოვნურად, ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც.

 

„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მინდა შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადა პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, მათ შორის იყო საარჩევნო წელი, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში ჩვენ გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან ხელოვნურად, ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი. 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ, ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით - რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.