საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, როგორ აკმაყოფილებს საქართველო უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს. მან ამის შესახებ ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე კითხვის საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები ამ ანგარიშის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს ბრიუსელში ჩემმა ყველა უფროსმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ვხედავთ, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს უკვე რამდენიმე თვეა განიხილავენ და ისინი კვლავაც გააგრძელებენ დისკუსიებს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ზოგადი რეგულაციის შესახებ. ეს დისკუსიები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, დეკემბრის ბოლოსთვის კი ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს. და შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გადაწყვიტონ, როგორ მოახდინონ რეაგირება. ეს ადვილი გადაწყვეტილება არ არის. წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რა უნდა გააკეთონ, ნაწილობრივ შეაჩერონ თუ სრულად. ეს წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება და ეს გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით იქნება მიღებული",- აცხადებს ელჩი.
