2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას 11 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"სტრასბურგის სასამართლომ საიას აცნობა, რომ 20 - 21 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.
გადაწყვეტილება 2025 წლის 11 დეკემბერს, სტრასბურგის დროით 09:30 საათზე (თბილისის დროით 12:30 საათზე) გამოცხადდება.
2019 წლის 20 - 21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილა.
დაზარალებულთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC იცავს", - წერს ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის (ე.წ გავრილოვის ღამის) საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ მომჩივანთა (26 პირის) სასარგებლოდ სახელმწიფოს €153 600-ს გადახდა დააკისრა. მაშინ სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა.
მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებისა, საიამ 2024 წლის 1 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რაც 2024 წლის 23 სექტემბერს დაკმაყოფილდა:
"მიგვაჩნია, რომ სასამართლოს პალატას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეეძლო, კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა", - წერდა მაშინ საია.
დიდმა პალატამ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმე 26 თებერვალს განიხილა. 11 დეკემბერს კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა იტყვის, ჩაატარა თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯეროვანი გამოძიება და დაისაჯა თუ არა ყველა ის პირი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
