ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ძირეულ ფასეულობებთან დაპირისპირება, ოპოზიციის ძირითადი ხაზები არაფრით განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონების მცდელობა, რეალურად, წარუმატებელია იმ გაგებით, რომ მათ ვერ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს აღწევენ – ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის, სიძულვილი სჭარბობს საზოგადოებაში. ეს მათთვის უკვე შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა, თუმცა, პრემიერის თქმით, გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა, რომ არა რევოლუციების მცდელობა გასული ოთხი წლის განმავლობაში.

„ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებლები – 9,7%-ია საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რითიც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში არ გვქონდა ხუთიდან არცერთი რევოლუციის მცდელობა, ქვეყანაში იყო სიმშვიდე, არავითარი არეულობის მცდელობა და ასე შემდეგ. 9,7% იქნებოდა, სავარაუდოდ, 12,7%. თავის მიზანს რაღაც დონეზე მაინც აღწევენ და ამითაც კმაყოფილი არიან. მაგალითად, რუსთაველზე რომ გამოდის 150 კაცი, შეიძლება, 0,1%-ით აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ეს უკვე შედეგია მათთვის, ბედნიერები არიან მათი პატრონები. შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს და ამით უკვე კმაყოფილები არიან. ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე, საუბრობენ ტელევიზიიდან და სიძულვილს ავრცელებენ. ეს არის სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, უნდა შეგვეცოდოს ეს ადამიანები, რადგან მძიმე პროცესში არიან შესული და, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან.

ძალიან მძიმე ფორმით უპირისპირდებიან ჩვენს ძირეულ, ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, სამშობლო, ეკლესია, სიძულვილის თესვა, ეს არის მთავარი ხაზები. როგორ შეიძლება, ამის მიმართ იყო ლოიალური? ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს ხომ არ არის ახალი, ასეთი იდეოლოგია წარსულშიც არსებობდა, ფაშიზმი, რაც ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად გვახსოვს, ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიზმი. მაშინ ხომ გახსოვთ, რომ ეთნიკურად ქართველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც  იყვნენ ბოლშევიკები, რომლებიც საკუთარი ხელით ხვრეტდნენ ადამიანებს, პატრიოტებს და რომლებიც კამპანიას აწარმოებდნენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი ხილი. ნებისმიერ რადიკალურ მანკიერ იდეოლოგიას ახასიათებს ასეთი რამ, რომ უპირისპირდება ძირეულ ფასეულობებს, ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად, ძირითადი ხაზები არაფრით არ განსხვავდება ბოლშევიკური იდეოლოგიისგან. აქაც იგივე ხდება, შენ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, პატივს არ უნდა სცემდე შენს ეკლესიას და სიძულვილი უნდა თესო. ბოლშევიზმსაც ხომ ეს ახასიათებდა, ყველგან სიძულვილი. ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.