დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, არ შეიძლება, არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია. პრემიერის განცხადებით, ადამიანი როდესაც ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. ზუსტად დავთვალეთ, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან. ყველგან ვცდილობთ, განვამტკიცოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. საქმე როცა ეხება ამ რეგულაციას, გვაქვს ორი არგუმენტი – არ შეიძლება, არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, რადგან ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, დიასპორის წარმომადგენელი ამა თუ იმ ფორმით ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ. მეორე არგუმენტი უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ადამიანი როდესაც ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე. ერთადერთი გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ, რა ხდება ქვეყანაში, ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოო არჩევანს. ადამიანს თუ არ აქვს წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციის წყაროზე, მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, არასწორია, ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებზეც ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი.
„რომ გადავხედოთ შედეგებს, მხოლოდ „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ მიიღეს 53% საზღვარგარეთ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. საქართველოში მცხოვრები ადამიანების 54%-ს არ უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რადგან ახსოვს, რა უბედურებასთან იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავისი თვალით უყურებს, რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვთ წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე. არასწორია, ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებზეც ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ საარჩევნო ხმის უფლება რჩება, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება და ასე მიიღოს გადაწყვეტილება.
დაახლოებით ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს. დღეს, როდესაც 9,4%-ია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ნაკლები ინტერესია, რომ ადამიანი გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჯერ კიდევ სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში, დაახლოებით, ორჯერ უფრო უკეთესად, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე. ამიტომ ყოველწლიურად იზრდება შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
