რეალურად, ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის, რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში. ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული და იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას.
„ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით, უბრალოდ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუძლებელი იყო უკვე რაღაცაზე არსაუბარი. საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება თანამედროვე სამყარო, რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო. ეს იყო მთავარი.
ყველას გვახსოვს, არათუ რეზოლუციაზეა საუბარი, ერთი ევროპარლამენტარი ან ერთი სენატორი რაღაცას რომ იტყოდა, ეს იწვევდა საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას და მთელი ერთთვიანი დღის წესრიგი შეიძლებოდა განესაზღვრა ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას. პატარა ქვეყანა ვართ და რაღაც კუთხით გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შემზადება, საზოგადოების ინფორმირება და ჩვენ ეს შევძელით. რეალურად, ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია. სრული, შეიძლება, ესეც არ იყო, ბევრ რამეზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ, რადგან სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ საზოგადოებას მივაწოდეთ ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის, რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული. იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება. აქ საზოგადოების ინფორმირება იყო მთავარი.
პრემიერმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. მაიდნის შემდეგ ქვეყანაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აღარავინ აიღო.
„გავიხსენოთ „მაიდანი“. ქვეყნის გარედან მოეწყო რევოლუცია, ე.წ. მაიდანი და ვინც ეს მოაწყო, პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით უკრაინაში. რა მოხდა? „მაიდანი“ დასრულდა, ერთ კვირაში დაიწყო პირველი ომი დონბასში, ამას მოჰყვა 2022 წელს მეორე ომი, რაც იყო ამ ჯაჭვის გაგრძელება. პასუხისმგებლობა რატომ არ აიღეს, ხელისუფლება რომ შეცვალეს, ხომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ამაზე? არავინ აიღო პასუხისმგებლობა. ამიტომ, ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობ, სუვერენიტეტი. ამას თუ არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს. რაც შეეხება ომს, ძალიან მძიმედ ვითარდება პროცესები. თავისთავად, უკრაინა და უკრაინელი ხალხი არის ამ ვითარების მძიმე მსხვერპლი, რაც ძალიან სამწუხაროა. არაჩვეულებრივი ხალხი და ეს ულამაზესი ქვეყანა მიწასთან გაასწორეს. ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ვინც „მაიდანი“ მოაწყო, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. რუსეთსაც დაუმძიმა ამ ომმა მდგომარეობა, რადგან შეეძლო, ეკონომიკურად სხვანაირად წაეყვანა პროცესები და რუსეთის ეკონომიკა დღეს გაჩერებულია ერთ ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი მსხვერპლი ევროპაა.
„2008 წლიდან დაიწყო პროცესები. მანამდე ევროპაში იყო უწყვეტი მშვიდობა. მთავარი, რითიც მიაღწია ევროპამ კეთილდღეობის ამ მასშტაბს, მას ჰქონდა უწყვეტი მშვიდობა 1945 წლიდან. ამით შექმნეს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი. ამის შემდეგ იწყება ომები აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული პროცესების საფუძველზე. პირველი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე იყო რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე – რუსეთ-უკრაინის მეორე ომი. ამან დაარღვია მშვიდობა კონტინენტზე. ამაში ჩართეს მთლიანად ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნებით ამა თუ იმ ფორმით და, საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უკრაინის ეკონომიკა ომის დაწყებამდე იყო 200 მილიარდამდე, რუსეთის ეკონომიკა იყო სამ ტრილიონამდე. ეს იმდენად დიდი სამიზნე არ იყო იმ ძალებისთვის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მთავარი სამიზნე იყო ევროკავშირი. 2008 წლამდე ევროკავშირს ჰქონდა ორი მთავარი სიძლიერე. ერთი იყო კეთილდღეობის მაღალი ხარისხი, პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში ევროკავშირი ცხოვრების დონით, მთლიანი შიდა პროდუქტით, უსწრებდა აშშ-ს, ბევრად უსწრებდა ჩინეთს, სხვა ქვეყნებზე აღარ არის საუბარი; და მეორე – ჰქონდა ყველაზე ძლიერი იდენტობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავისი კულტურით, ეროვნული, რელიგიური, ყველანაირი იდენტობით. რა ხდება დღეს? შერყეული კეთილდღეობა და შერყეული იდენტობა. ამას მიაღწიეს, საბოლოო ჯამში, კონკრეტულმა ძალებმა, არაფორმალურმა მმართველებმა. აშშ-ში ამ ძალას „დიფ სთეითს“ ეძახიან, მაგრამ მე ეს ტერმინი არ მომწონს, რადგან ეს არის მხოლოდ აისბერგის თავი, სინამდვილეში, მთავარი არის ის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. აქ არის საუბარი ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებზე, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეს კონკრეტულად ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
