ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა.
„ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამას ჰქონდა ერთადერთი მთავარი მიზეზი – ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც ღირებულების დონეზე იქნა დაკნინებული ევროპის მნიშვნელობა. არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ერთი უკავშირდება იდენტობას. ჩვენთვის ეს არის ეროვნული, ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა. ასევე, პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როდესაც მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, იქ დაგვხვდეს ევროპა, კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით. აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია. ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. მთავარია, ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ამიტომ ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაჰყვე ამ კურსს, დივერსიფიკაციას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა ისაუბრა, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. კობახიძის განმარტებით, ჩინეთს ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებებით ეპყრობა სხვა სახელმწიფოებს.
„აქტიურად და წარმატებით ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან კარგი ვიზიტი გვქონდა ჩინეთში ცოტა ხნის წინ, სადაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს. ღირებულებით ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა. ცდილობენ გაშავებას, ყველანაირი ეპითეტებით ამკობენ ჩინეთს, ცდილობენ, რაღაც შავ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტია. აქაც ისევ ფაქტებზე დაფუძნებულ დასკვნებზე რომ ვისაუბროთ, 1979 წლის მერე, თუ არ ვცდები, შეიძლება ერთი წელი შემეშალოს, ჩინეთი არ ყოფილა ჩართული არცერთ ომში. ვიეტნამი იყო 1979 წელს და იმის მერე ამხელა რესურსების მქონე სუპერსახელმწიფო არცერთ ომში არ ყოფილა ჩართული. ერთადერთი სუპერსახელმწიფოა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა, არცერთ ომში არ ყოფილა ჩართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ღირებულებები აქვს და ამ ღირებულებებით ეპყრობა ის სხვა სახელმწიფოებს, დიდს თუ პატარას. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ღერძი, პოლიტიკის ნაწილი, ფორმალური ნაწილიც კი არის მათი პოლიტიკის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის სიდიდეს, მოსახლეობას, ტერიტორიას, თანაბარი მიდგომა, მოპყრობა თითოეული ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ღირსება. ესეც ღირსების მაჩვენებელია, რომ შენ შენს ღირსებას გამოხატავ და სხვის ღირსებას პატივს სცემ. ამ დროს როგორია დამოკიდებულება იმავე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან? – არ გელაპარაკები, თუ რამე გინდა, მარტო ჩემი პირობებით. პირობებიც თავისთავად უღირსია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა, მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
