ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებული იქნება, სანქციადაკისრებულიპირისთვის დაუყოვნებლივ და წინასწარი შეტყობინების გარეშე არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. შესაბამისი ცვლილებები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს და ამის მიზეზად ევროპის საბჭოს ვალდებულებას და MONEYVAL-ის კომიტეტის პლენარულ სხდომას ასახელებს, რომელიც 15-18 დეკემბერს ჩატარდება.
მთავრობა განმარტავს, რომ, MONEYVAL-ისშეფასების ანგარიშით, საქართველოში მოქმედი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, რომლებიც შეეხება გაერთიანებული ერების რეზოლუციების საფუძველზე სანქციადაკისრებული პირების მიმართ ამკრძალავი ღონისძიებების გატარებას, არ ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. დასახელებული ვალდებულება ეხება მხოლოდ ანგარიშვალდებულ პირებს. მათი ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებული პირი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აგზავნის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგებას, რომელიც სანქციადაკისრებული პირების ქონებას შეეხება, კანონი არ აწესებს პირდაპირ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება საეჭვო გარიგების ანგარიშგებაშიქონების თაობაზე ინფორმაციის მითითება. „ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები გავლენას ახდენს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მე-6 და მე-7 რეკომენდაციებზე, რის გამოც ქვეყანას აღნიშნულ რეკომენდაციებზე განსაზღვრული აქვს „ნაწილობრივ შესაბამისი“ რეიტინგი.
რეკომენდაციების მიზანია, ქვეყანა ტერორიზმსა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიზანმიმართულ ფინანსურ სანქციებს ასრულებდეს გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით. გაერო-ს რეზოლუციების მიხედვით, ქვეყანას ეკისრება ფინანსური სახსრებისა და სხვა აქტივების დაყოვნების გარეშე გაყინვის ვალდებულება და გაერო-ს/ქვეყნის მიერ სიაში ჩასმული პირის მიერ აქტივების პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმებით ფლობის ან აქტივებისგან სარგებლის მიღების ხელშეშლა. ამასთან, მე-6 რეკომენდაციის შეუსრულებლობის საფუძვლით საქართველო მოექცა FATF-ისსტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესების პროცედურაში. იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს დასახელებული პროცედურიდან, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა“, – განმარტავს მთავრობა.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტით იზღუდება სანქციადაკისრებული პირებისთვის ფულადი სახსრების ან სხვა ქონების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს ფულადი სახსრები, ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი (რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს სანქციადაკისრებული პირი, ან მისი სახელით, ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა), ან ფინანსური და სხვა დაკავშირებული მომსახურება.
„აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ შესაბამისი სუბიექტის გადამოწმება შესაძლებელია გაერო-ს ვებგვერდზე, სამსახურის ვებგვერდსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს ახალი თავი ემატება, რომლის შესაბამისადაც, დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. კერძოდ, პირველ ჯერზე პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში – ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამსახური. შესაბამისად, განისაზღვრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილებები. განისაზღვრება ვალდებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ზემოაღნიშნული შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში, რომ აცნობოს სამსახურს. გარდა ამისა, მე-7 რეკომენდაციასთანშესაბამისობის მიზნით ანგარიშვალდებული პირი ვალდებული ხდება, შეზღუდვის განხორციელების შემთხვევაში სამსახურთან გასაგზავნ საეჭვო ანგარიშგებაში მიუთითოს ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომლებზეც დააწესა შეზღუდვა“, – ნათქვამია პროექტში.
