როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, Credit Suisse-ს შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა Credit Suisse-ის წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.
„საბჭო ძალაში ტოვებს მთავარი მოსამართლის მიერ განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ზომას, რომელიც ითვალისწინებს რეალურად მიღწეულ შემოსავლებსა და იმ შემოსავლებს შორის სხვაობას, რომელიც მიღწეული იქნებოდა, თუ პოლისის ყველა აქტივის ინვესტიცია მოხდებოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ევროპული ბანკის მართულ საშუალო რისკის პორტფელში. გადაწყვეტილების თარიღამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება სათანადო გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან პოლისები არ შეწყვეტილა და CS Life-ს კვლავაც ჰქონდა ვალდებულება, რომ პოლისის აქტივები ინვესტიციის სახით ჩაედო არჩეული დისკრეციული მანდატების შესაბამისად (თუმცა, რეალურად ამას არ აკეთებდა).
CS Life-ზე მოდის მტკიცების ტვირთი იმისა , რომ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ განცდილი დანაკარგები ბატონი ივანიშვილის იმ ნებაყოფლობითმა არჩევანმა განაპირობა, რომ პოლისის აქტივები CS Life -ში დატოვა და არ გადაიტანა ფონდის სხვა მენეჯერთან მაშინ, როცა იცოდა, რომ აქტივების დისკრეციული მართვა არ ხდებოდა. CS Life-მა ვერ დაამტკიცა, რომ 2017 წლის აგვისტოში ბატონი ივანიშვილი ასეთ ინფორმაციას ფლობდა“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
