საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ციხის სამედიცინო მომსახურებას აკრიტიკებს. მისი თქმით, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ ის მოულოდნელად ჩამოაშორეს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც წარსულში მას დახმარებას უწევდა.
სააკაშვილის განცხადებით, წინა პატიმრობის პერიოდში ერთ-ერთ „ნათელ წერტილად“ სწორედ სამედიცინო გუნდი მიაჩნდა, რომელმაც მოწამვლის შემთხვევის დროს პირველადი დახმარება გაუწია. მისი თქმით, ამჟამად აღნიშნული თანამშრომლები მასთან აღარ მუშაობენ და მათი ადგილი „დაშინებულმა და არაკომპეტენტურმა“ ახალმა პერსონალმა დაიკავა.
“წინა ყოფნისას რუსთავის საპყრობილეში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყოველთვის თბილად მხვდებოდა, მიღიმოდა, მამხნევებდა და ზრუნავდა ჩემს ჯანმრთელობაზე. მოწამვლის შემდეგ გვიან ღამით პირველი დახმარება მათ აღმომიჩინეს.
გამიხარდა, რომ აქ უკან მოყვანისას პირველ საღამოს სწორედ ისინი დამხვდნენ, თუმცა მეორე დილასვე ჩამომაშორეს ჩემი ძველი ნაცნობები და შემოიყვანეს დაშინებული, კრიჭაშეკრული, სრულიად არაკომპეტენტური ქოც-მედიკოსები, რა სამარცხვინოა!
მართალი არიან გიორგი ახობაძე და სხვა პოლიტპატიმრები, ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ.
ამათი ახლად გამოცხობილი კაციჭამიური ლოზუნგია "ნულოვანი თანაგრძნობა პოლიტპატიმრების". აი დღეს დილითაც, მას შემდეგ რაც "სამედიცინო" მომსახურებაზე უარი ვთქვი, შემოვიდა ერთი კონცლაგერის "ექიმი" და დამიწყო მორალის კითხვა. თან გამომიცხადა, რომ ჩემი მოწამვლა რომელიც დაადასტურა ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა, ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა, თურმე ტყუილია.
ეს "ექიმი" იქცეოდა არაკომპეტენტურად და პროვოკაციულად, როგორც ჯერ კიდევ ვივამედში, ევროსაბჭოს წამების კომისამ დაწერა დასკვნა, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებებს ექიმები კი არა რეპრესიული აპარატი იღებდა და აქაური ექიმები საერთოდ, როგორც სუსის ოფიცრები ისე იქცევიან. ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად.” - წერს, სააკაშვილი.
