პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკას უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პოლონეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქართველები პოლონეთში გამარტივებულ სამუშაო ვიზებს ვეღარ მიიღებენ.
„ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებს გერმანია, სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ, რაც შეიძლება მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის - იმ ღია საზღვრების პრინციპმა, რაც ჰქონდათ მათ ზოგადად, ევროკავშირი ბევრ რამეში შეაფერხა.
ეს არის პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი იქ ჩადიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იყო მოთხოვნა მუშა ხელზე. არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს მუშა ხელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშა ხელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი წლის განმავლობაში მუშაობას სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწეოდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა.
ჯამში 2024 წელს 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47 086 საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს.
