დღეს, 2025 წლის 28 ნოემბერს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია კვლავ იმართება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეებს სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წევრებმა მიმართეს.
„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ბრძოლა ბოლომდე გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.
"ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ საქართველოში არ აღდგება სამართლიანობა, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და არ დაინიშნება ნამდვილი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. არ წავალთ ამ ქვეყნიდან, როგორც მათ უნდათ და ბრძოლას გავაგრძელებთ, ვრჩებით ბოლომდე და გამარჯვებამდე", - განაცხადა ცუცქრიძემ.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
"გზა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ქართველობა, ქართული, ანუ ევროპული იდენტობა შევინარჩუნოთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნოთ და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ სამართლიანობა დამყარდეს, პოლიტიკური დევნა და სინდისზე ძალადობა შეწყდეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება და ჩვენ, მშობლებს გვქონდეს ღირსეული სიბერე, რეჟიმი უნდა გადადგეს", - თქვა ჩერგოლეიშვილმა აქციაზე გამოსვლისას.
აქციის გამოვიდა პარტია "დროას" წევრი გიგა ლემონჯავაც, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე.
"ერთი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ისევ ძალიან ბევრნი ვდგავართ და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში რუსეთი არ იქნება. საქართველო იყო, არის და იქნება ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი. ევროპას საქართველოში და საქართველოს ევროპაში აუცილებლად დავაბრუნებთ... ეს ხალხი არ აპირებს სახლში შესვლას მანამ, სანამ საქართველოს ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს", - თქვა მან.
