„ბიბისის“ სიუჟეტი არის, უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია - პრემიერი

გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს.

 

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.

 

„კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება - კამიტი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, სადაც არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, რისთვისაც კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს.

 

„ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, იმისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს, უკვე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად.

 

„როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბი-ბი-სისთან“, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ.

„ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას, ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას.

 

„გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეკა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას. ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაშუალებებს. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს. შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა. ეს ინფორმაცია არის უტყუარი. დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი.

 

„ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი. თავის დროზე, მუშაობდა „ამერიკის ხმაში“ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ამერიკის ხმის“ მიმართ. ეს კონკრეტული მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასეთ ტელევიზიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან ავრცელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს ეხებოდა სანქციების დაწესების თემას და ამაზე დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ამასთან ერთად, შემიძლია გავიხსენო, რომ დამატებით იყო სამი შეხვედრა, ამ სამიდან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე. იმ შეხვედრებზე, რომელთაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით. შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე ირიბად იყო საუბარი იგივე თემაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.