ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები, თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლდოვურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე გამოქვეყნდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 5 წელიწადში მოლდოვასთან ეკონომიკაში სხვაობა გაზარდა 12,5 მილიარდი დოლარით.
„ეს არის უზარმაზარი სხვაობა. დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა შესაბამისად სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს ეფუძნება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ამასთან ერთად გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამისგან განსხვავებით, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ეს ყველაფერი გამოიხატება ეკონომიკაში, არის ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მოლდოვას უჭირს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს. ეს ეხება როგორც ეკონომიკას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კორუფციისგან თავისუფლებას და ნებისმიერ სხვა პარამეტრს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.
„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო მიდგომა შეიცვლება.
ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც შეეხება ევროკავშირის მიდგომებს, თუ გაგრძელდება ის სამარცხვინო მიდგომა, რასაც ვხედავთ აქამდე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება გაგრძელდეს უსამართლობა. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის, ვალდებულებებია შესასრულებელი ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე, დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა შედგა თებერვლის პირველ ნახევარში, მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს, ომის დაწყებიდან მალევე, ხოლო მესამე შეხვედრა - მარტის შუა რიცხვებში.
„ამ სამი შეხვედრიდან ორ შეხვედრაზე იყო ღიად საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ შორის, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როცა კითხვა დაისვა, რომ დავუშვათ ვეღარ შევაკავეთ აგრესია, რა ხდება ამ შემთხვევაში, პირდაპირ გვითხრეს, პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ, ღია ტექსტით იყო მოწოდება მეორე ფრონტისკენ. კიდევ უფრო მძიმე რამეს გეუბნებით - ქვეყანა რომ თავზე დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს. ეს კიდევ უფრო მძიმეა. პირველად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე და მერე კიდევ უფრო მძიმე იყო, რომ ტყეებიდან უნდა გვებრძოლა პარტიზანულ ომში. დეტალებში გვქონდა საუბარი, უამრავი კითხვა დაისვა, იყო კითხვები, რომლებზეც არ გვპასუხობდნენ. მაგალითად, იყო ერთი და იგივე შეკითხვა, რომელიც ხუთჯერ დაისვა ჩვენი მხრიდან, ამ შეკითხვასაც არ დავაკონკრეტებ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ხუთივეჯერ დუმილით უპასუხეს. უხეშად ითხოვდნენ ჩართვას. რაღაც კითხვების დასმის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ მათი გადმოსახედიდან. ასეთი უხეში იყო მათი დამოკიდებულება. მუშტების ბრახუნზე უარესს აკეთებდა ხოლმე ქალბატონი კელი დეგნანი, როცა მოდიოდა ხოლმე შეხვედრაზე. ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. უმძიმესი იყო მისი ნახვა შეხვედრებზე. არაერთი ასეთი ისტერიკა მოუწყვია მას. დარწმუნებული ვარ, იგივე გააკეთა შალვა პაპუაშვილთანაც. სამი შეხვედრა იყო, აქედან ერთს მე ვესწრებოდი. სამი შეხვედრიდან ორზე პირდაპირი მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე მეტი დეტალის თქმა არ ივარგებს.
ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ აკოორდინირებს პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას.
„ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა საკვანძო საკითხი ცნობილია. ერთობლივი კომპანია ფუძნდება, ჩვენი წილი აქედან არის 33,3%, მიწის გასხვისების უფლება არ აქვს ამ ერთობლივ კომპანიას და მის საკუთრებაშია ეს მიწა. თვითონ მიწას, თავისი ავტონომიური დატვირთვა აღარ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ ის არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი და იქ აშენდება გარკვეული ნაგებობები და ის მიწა იქნება დამაგრებული კონკრეტულ ნაგებობებზე, ანუ თავისი ავტონომიური დატვირთვაც არ ექნება. სხვა ყველაფერი სპეკულაციაა. რაც შეეხება განაშენიანებას, ეს ყველაფერი გავა საკრებულოების სხდომებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა დეტალი. ეს არის აბსოლუტურად კომერციული შეთანხმება. რაზეც საუბრობენ, თითქოს მეჩეთები უნდა აშენდეს, არც ერთ ასეთ დეტალს არ შეიცავს ეს ხელშეკრულება. ყველაფერი არის სპეკულაციები. ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს აკოორდინირებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მოლდოვას ისედაც გავასწარით 12,5 მილიარდი დოლარით ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს ამ სხვაობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას. ესენი არიან „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ერთი ხელიდან იმართება ის პროცესი, რომელიც მიმართულია ამ სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
