თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე  პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

„ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება.

ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება - მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მილიონი ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია „ანაგს“, თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

„ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც, ხშირად, ღირსების შემლახავი. გვახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის ბინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ დავასრულეთ ეს მანკიერი პრაქტიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვენზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. აი, ამ პოლიტიკის ხელშესახები შედეგები: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2 400-ზე მეტმა - მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს,“- განაცხადა კობახიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. უკვე დასრულდა ოთხი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ.

"კომპლექსის მშენებლობა, სრულად, 2026 წელს დასრულდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარია. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 860 000 ლარი გამოიყო. საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა",- აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა. მიმდინარე წლის სექტემბერში, ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში განსახლდა 852 ოჯახი.

ამ ეტაპზე, თბილისის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები 3 ქალაქში შენდება. 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 კორპუსი შენდება რუსთავში. 7 კორპუსი - ზუგდიდში, სადაც 1 747 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. ბორჯომში კი, საცხოვრებელი პროექტი, 150 დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს. სამივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც.

"აღნიშნული მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ქვეყანაში არსებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ყველა ობიექტი დაიხურება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცემათ. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დევნილი ოჯახები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად არჩევენ კერძო სახლს, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.