"762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ" - პრემიერი

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში  2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

 

„ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება.

ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება - მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ  2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მილიონი ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია „ანაგს“, თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.

„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და  მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და ბინა 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

 

„ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც, ხშირად, ღირსების შემლახავი. გვახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის ბინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ დავასრულეთ ეს მანკიერი პრაქტიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვენზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. აი, ამ პოლიტიკის ხელშესახები შედეგები: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2 400-ზე მეტმა - მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს,“- განაცხადა პრემიერმა.