ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80% მაღალი ფასების მხარეს დგას და ცდილობს, საზოგადოებას მდგომარეობა დაუმძიმოს — პრემიერი სურსათზე ფასების შემცირებაზე

როგორც კი დავაანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია - ფასების შემცირება უზრუნველყოს.

„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.

„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას. 

„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცვე სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე  უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.