უახლოეს მომავალში მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია და იქმნება პარლამენტშიც დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამუშაო პროცესი დაგეგმილი, პარალელურად იქმნება პარლამენტში დროებითი კომისია და ასევე სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. ჩვენ უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში. ვინმეს თუ შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს კომისიის წარმატებით მუშაობაში და, რაც მთავარია, თავისი წვლილი შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ჰქვია ფასების დაწევა, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ეს ასევე უნდა ეხებოდეს საპარლამენტო კომისიას, ასეთ პირებს, თუ მართლა აქვთ კონკრეტული მონაცემები, საინტერესო იდეები, ყველას უნდა მოუსმინოს საპარლამენტო კომისიამ და ასევე იმავეს გააკეთებს სამთავრობო კომისიაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
„ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და, ზოგადად, ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დეკემბერში 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა აღმოიფხვრას ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის.
„დეკემბრის მონაცემები არის ძალიან შთამბეჭდავი, 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის, ბუნებრივია, ასეთი მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად,მაგალითად ჩინეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, ტვირთების ნაკადი, წლის განმავლობაში, მიმდინარე მონაცემებით არის 48 %-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ზუსტად ამ მიმართულებებით, ეს არის დაკავშირებადობა, ეს არის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ძალიან ბევრი რამე კეთდება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების მიერ და ამ მიმართულებით ძალისხმევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პოლიტიკურ პროცესებზე, გეგმავენ, რომ ევროპული ფონდები გამოიყენონ იმავე მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მიერ „ენჯეოებისა“ და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600 %-ით გაზრდის გეგმას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ხელოვნური ინტერვენცია შიდა საქმეებში და ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში.
„ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. სწორედ, ეს არის ასახული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, „გრატების შესახებ“ კანონში, საქართველოს კანონმდებლობაში და ბუნებრივია, ბოლომდე დავიცავთ ამ პრინციპს. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.
