თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება.

შეკრებილები აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება.

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების გადაწყვეტილება არის უნივერსიტეტის ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევა და ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებს ჯაბა სამუშიამ უნდა უპასუხოს.

„სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტივობებში და გადაწყვეტილებებში რომ ერევა, ეს ჯაბა სამუშიამ უნდა დაიცვას, მე საბა სამუშიამ უნდა დამიცვას, როდესაც სახელმწიფო ძალადობს ჩემზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.