შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი თურქ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან — მუნირ ქარალოღლუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და ამ კუთხით ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს უწყებებს შორის პარტნიორობის განმტკიცების პროცესში.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.

შეხვედრის დასასრულს, რონი მესხმა მუნირ ქარალოღლუს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.