ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვარამიას თქმით, ოპოზიცია თანხმდება ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე და არ ამბობენ უარს საკუთარ პოლიტიკურ იდენტობებზე.
„ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან სასიხარულოა, რომ მიწევს იმის განცხადება, რომ ოპოზიციის ალიანსი, სწორედ ამ სახელით, შედგა. ეს არ იყო ხანმოკლე კონსულტაციები, არ იყო მარტივი კონსულტაციები. დიდი ხანია, ეს მიმდინარეობს. ამასობაში ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერ ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი – არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები. ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. კვლავ ხაზგასმულად ვიტყვი, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის. ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე. ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით რაღაცა ერთიან სიას, ამაზე ლაპარაკი ახლა არ მიმდინარეობს და არც ვიცით, მომავალში იქნება თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახლა პოლიტიკური ერთობა და ეს მნიშვნელოვანია, როგორც წინაპირობა საზოგადოებრივი ერთობისთვის. ჩვენ გვინდა, ამაში მონაწილეობა მივიღოთ და ვისაუბროთ საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც.
„დღეს საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.
ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:
ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.
დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.
შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე გამოქვეყნდა და ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.
