ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 10 მარტს დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებულ ემზარ ბაღიშვილს, რომელსაც "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა" ჰქონდა, 12 მარტს "ჯაშუშობის" ბრალდებით აღუძრეს საქმე. ის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.

ირწმუნებიან, რომ ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში დაკავება „ოპერატიული ინფორმაციის განხორციელებისას“ მოხდა. ბაღიშვილს ეჭვმიტანილად აცხადებენ „რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში“.

დე ფაქტო უწყებას საქართველოს მოქალაქის "ჯაშუშობაში" ეჭვმიტანილად გამოცხადების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ე.წ. "უშიშროების სამსახურის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბაღიშვილს ეკითხებიან, სად ცხოვრებენ მისი შვილები.

"ორი საქართველოში, ერთი ამერიკაში",- პასუხობს ის.

„უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან ურთიერთქმედების ასეთი შემთხვევები მცდელობის ეტაპზევე აღიკვეთება, რაც იძლევა აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაზიანების აღკვეთის საშუალებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და დგინდება დეტალები.

სოხუმში პერიოდულად აცხადებენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაეების "ჯაშუშობაში" მონაწილეობის შესახებ.

2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს გალის რაიონის მკვიდრი შალვა ხიზანიშვილი, რომელსაც ასევე "ჯაშუშობაში" დასდეს ბრალი. ხიზანიშვილის საქმე განსახილველად ამჟამად ე.წ. უზენაეს სასამართლოს აქვს გადაცემული.

2024 წლის მაისში აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს „აფხაზეთის მოქალაქე” კახა მურადოვი, რომელსაც კავშირი აქვს ქართულ სპეცსამსახურებთან. 2025 წლის იანვარში აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მურადოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სახელმწიფო ღალატისა“ და „იარაღის უკანონო ბრუნვისთვის“.

2022 წლის ივლისში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დააკავეს ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც 2023 წლის მაისში ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2026 წლის იანვრის ბოლოს, ბრიტანეთის მოქალაქე კულდიპ სინგჰი აფხაზეთიდან გააძევეს „უცხოური დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის“ ეჭვის საფუძველზე.

 

"რადიო თავისუფლება"