"პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს" - კობახიძე

პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.

„იმდენი რამე ითქვა პატრიარქის შესახებ, იმდენი რამე გაიხსენეს ადამიანებმა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ რთულია მოკლედ რაიმე დაამატო. პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. მან ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში. მისი ბრძნული რჩევები ძალიან ბევრ რამეს განსზღვრავდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, მთელი ამ წლების განმავლობაში. იყო მომენტები, როდესაც ადამიანების ნაწილი კრიტიკულად უყურებდა პატრიარქის კონკრეტული განცხადებებს და ქმედებებს, თუმცა, შემდეგ იგივე ადამიანები წლებით უკან რომ გაიხედავდნენ ხოლმე, ყველა ხვდებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერხთელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“ - განაცხადა პრემიერმა. 


მისივე თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ მაქსიმალურად სიძულვილი, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვხედავდით ამ პროცესებს და, საბოლოო ჯამში, ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, რასაც თესავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში, რა ღირებულებებსაც ქადაგებდა, იმ ღირებულებებმა გადაძალა 20-წლიანი მცდელობა სიძულვილის გაღვივებისა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ალბათ ბევრისთვის. ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ქრისტიანობის უძველესი ტრადიცია, წელს, აღინიშნება 1700-წლოვანი იუბილე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, გაიმარჯვოს სიძულვილმა და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დასტური პირადად ჩემთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას. 

 

„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.

 

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში.

„საზოგადოების უდიდესი უმცირესობა იყო ის, ვინც დარჩა ამ ერთიანობის მიღმა და ეს იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ეს შემთხვევითი არ არის. რა პროცესესებზეც ვსაუბრობდი, იგივე კამპანიები, რომლებიც გავიხსენეთ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული ადამიანები იყვნენ ჩართული. NGO-ებმა ვერცერთი სამძიმრის სიტყვა ვერ გაიმეტეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. მერე უკვირთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბროთ მათ კავშირებზე კონკრეტულ ძალებთან, იმაზე, რომ ისინი არიან მართული გარედან არასწორი ძალების მხრიდან, რომ მათ ამოძრავებთ უკიდურესად მანკიერი ინტერესები და ასეთი დავალებებით მოქმედებენ. ეს არ არის მარტო მათი განწყობის შედეგი. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, კონკრეტულ შავ საქმეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამ შავი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყოველგვარი ავტორიტეტების წინააღმდეგ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამიანები სრულიად შეგნებულად დარჩნენ ამ ერთიანობის მიღმა.
 იყო იმის მცდელობაც, რომ სხვადასხვა ფორმით კონკრეტული ადამიანები, მათი წარმომადგენლები ჩართულიყვნენ პროცესებში და ამას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა. პრაგმატული მიზეზი იყო ის, რომ გამომდინარე საყოველთაო ერთიანობიდან, პოლიტიკური კუთხით ვიღაცებმა არ ჩათვალეს მიზანშეწყონილად ამის მიღმა დარჩენა. თუმცა, ესეც რომ ყალბი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გამოჩნდა. 
საბოლოო ჯამში, ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ემიჯნება, არამედ არის დაახლოებით იმით დაკავებული, რასაც ბოლშევიკების პერიოდში ეწოდებოდა მებრძოლი ათეიზმი. ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ასეც იქცევა ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ეს არის წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება. ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იგივეს მათ წარმომადგენლებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ენჯეოებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია და რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ. თუ ვინმე ცდილობს ჩაერიოს ამ პროცესში, ესენი არიან სწორედ ჩვენი ოპონენტები. პირდაპირ კამპანია აქვთ გაჩაღებული, ანტიკამპანია, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევნების პროცესთან, რაც ბუნებრივია, არაჯანსაღი მოვლენაა. ყველას უნდ მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ იმ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება. პირდაპირ ცდილობენ ამითაც დააკნინონ პატრიარქის გამორჩეული როლი და მისი გამორჩეული სიბრძნე. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი გასული წლების განმავლობაშიც და ეს მიზანი სამწუხაროდ, მათთვის დღესაც აქტუალურია.  აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ის პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან და  ეს ყველაფერი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა და ვერც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ვერ გამოუცხადეს სამძიმარი ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშრებით. 

„პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდ მათთვის სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც გეგმავდა საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიებს. ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მათ ხვალაც უნდა გააგრძელონ ასთი კამპანიები, ხვალაც უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოში ეკლესიას და სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მათ გაიხედეს წინ, დაინახეს წინ სამომავლო კამპანიები და მათი ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სამძიმარი პირდაპირ უპირისპირდება იმს ამომავლო გეგმებს, რომელთა აღსრულებაც მოუწევთ. ესენი ხომ არიან აგენტურა, ეს უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები აგენტურას წარმოადგენენ და როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა გაიმეტეს სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„რაც შეეხება დამსწრე პირთა სიას - იქ, დამსწრე ადამიანები იყვნენ ხელისუფლების ოფიციალური თანამდებობის პირები, იყვნენ უმეტესად სასულიერო პირები, სტუმრები, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და ამასთან ერთად, ვიყავით ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო როგორც ხელისუფლება, პოზიცია, ისე ოპოზიცია, მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული იგივე ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია, ანუ არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, ეს იყო საპატრიარქოს თხოვნაც, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული დაკრძალვის დღესაც. ანუ, ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა სამების ტაძარში შესვლის და უშუალოდ ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა და შეგახსენებთ, რომ უშუალოდ დაკრძალვის დღეს იყო ასევე ადამიანების უწყვეტი ნაკადი უზრუნველყოფილი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის შესაძლებლობა,“- აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტული პირების მიწვევას, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, არც ფორმალური და არც მორალური თვალსაზრისით არ არსებობდა ამ ადამიანების მიწვევის მყარი კრიტერიუმები.

„რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, ფორმალური თვალსაზრისითაც მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი, ეს ერთი. და მეორე - ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, ვინც ჩამოთვალეთ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას - კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ კამპანიებს, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში. ამაში იყო ჩართული პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება, ვიღაც პირდაპირ არ მონაწილეობდა თავისი უშუალო განცხადებებით ამაში, მაგრამ როდესაც ავლენ ლოიალობას კონკრეტული კამპანიებისა და იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ, ეს ხომ ნიშნავს თანამონაწილეობას. მაგალითად, შეგახსენოთ მინდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ წარმოებული კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ - კონკრეტული წარწერა გაკეთდა საპატრიარქოს კედელზე, გამეორებასაც არ ვაკადრებ ჩემს თავს ამ ტექსტის და მთელი კამპანია აწარმოეს ამის გარშემო, სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს ეს წარწერა საპატრიარქოზე. აჩვენებდნენ მხარდაჭერას ამ წარწერისა და ამ კამპანიის მიმართ. ასევე მინდა, შეგახსენოთ,  იგივე ტელეკომპანია როგორ აშუქებდა კონკრეტულ ყოფილ მეუფეს პეტრე ცაავას, არ ვიცი რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ განცხადებაზე, სრული ლოიალობის და მხარდაჭერის დემონსტრირება იყო და ამის შემდეგ, ამ კატასტროფული განცხადების შემდეგ პეტრე ცაავა გახდა ამ ტელევიზიის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი. და რა თქმა უნდა, ამის მიმართ ლოიალური იყო ყველა იმ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარი თავის დაკავშირებას ახდენს ამ ტელევიზიასთან. ისინი არიან ერთი ძალა და ყველანი იყვნენ ჩართულები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამის შემდეგ, როდესაც ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის დღეს, როცა შეეძლოთ როგორც სამოქალაქო პირებს შესულიყვნენ ტაძარში, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს. არც ერთხელ არ გამიჯვნიან კონკრეტულ ტელეკომპანიას, არც ერთხელ არ გამიჯვნიან ამ კამპანიის ავტორებს და ეს კამპანია არ იყო ფრაგმენტული, ეს იყო სისტემური კამპანია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული ძალა გლობალური, რომელსაც ყავს თავის აგენტურა სხვადასხვა ქვეყანაში და ეს აგენტურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ ერთნაირი შაბლონებით.

 

„მთავარი ხაზი არის ის, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო კონფესიებს. მაგალითად მინდა, შეგახსენოთ, რომ მსგავსი კამპანიები წარმოებს მონარქიული დინასტიების და ოჯახების წინააღმდეგ, პირდაპირ პიარკამპანიებით ცდილობენ, მაქსიმალურად დააკნინონ სამეფო ოჯახების ავტორიტეტი. დიდ ბრიტანეთშიც იყო ასეთი კამპანიები, ესპანეთშიც იყო კორუმპირებულად გამოაცხადეს მეფე, რომელსაც გადადგომა მოუწია კორუფციული ბრალდებების გამო. რა ხდებოდა დიდი ბრიტანეთში, სამეფო ოჯახში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს არის მიზანმიმართული კამპანიები და ჩვენს შემთხვევაში ეს მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი ამ შემთხვევაში არის უპრეცედენტო და მათ უნდათ შექმნან საკუთარი ყალბი ავტორიტეტი, რეალური ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ეს არის მათი მიზანი და ეს რეალური ავტორიტეტები უნდა ჩაანაცვლოს ყალბმა ავტორიტეტბმა, როგორიც არის NGO- ები, მათი ხელდასმული პოლიტიკოსები და ა.შ. ეს ყველაფერი ყალბი ავტორიტეტებია, ამიტომ თუ გადაავლებთ თვალს იმას, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც კი, აბსოლუტურად დაცლილია ავტორიტეტებისგან როგორც პოლიტიკური ცხოვრება და პროცესი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება. მათ მოიგონეს ასეთი სახელი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, რაც არის ჩვეულებრივი სიყალბე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც და ეს უკვე როგორც ასეთი, ნონსენსია.

 

„არასამოქალაქო საზოგადოება არის ნონსენსი, ეს სიტყვათწყობა უკვე ნონსენსია, რადგან საზოგადოება და სამოქალაქო ეს პრაქტიკულად სინონიმებია თავისი არსით. ჩვენ რომ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გამოსული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, ზუსტად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ერთიანად დაირაზმა პატრიარქისთვის, ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის პატივის მისაგებად და ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. შენ რას გეუბნებიან, რომ ეს მილიონ ნახევარი ადამიანი არაფერი არ არის, რეალურად გლოვის მონაწილე იყო 3 მილიონი ადამიანი, უბრალოდ ვიღაცამ ფიზიკურად ვერ შეძლო იქ მისვლა, ვიღაცა ფიზიკურად ქვეყანაში არ იყო, ვიღაცას სხვა მიზეზი ჰქონდა, ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რეალურად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ამას აკეთებენ ყველგან. მე მახსოვს, კონკრეტული ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება იმაზე, თითქოს NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, პირდაპირ თქვა ეს სიტყვები, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ NGO-ები, რომლებსაც არც დემოკრატიული მანდატი აქვთ, არც არავითარი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, მაგრამ გარედან გეუბნებიან, რომ ესენი არიან სამოქალაქო საზოგადოება, ის 3 მილიონი ადამიანი არავინ არ არის და 300-მა კაცმა, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც ავტორიტეტი, უნდა განსაზღვროს შენს ქვეყანაში მოვლენების განვითარება. ეს არის სიყალბე. ცდილობენ, შეასუსტონ  ნამდვილი ავტორიტეტები და ამის მაგივრად უნდა შეიქმნას ყალბი ავტორიტეტები, რატომ? რისთვის? იმისათვის, რომ გარედან იოლი იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევა და ქვეყნის მართვა საკუთარი მანკიერი ინტერესების რეალიზებისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო.

„მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, წინასაარჩევნო საერთო  კლიპი იწერებოდა და მისული ვიყავი NDI-ის ოფისში. არ ვიცი იქ ვისი მაგიდა იყო ის, მაგრამ გამოკრული იყო ერთადერთი დიაგრამა, რომელიც ასახავდა იმას, რომ რომელიღაც წელს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა იყო 98 % და შემდეგ შემცირდა 94 %-მდე. ერთადერთი დიაგრამა იყო გამოკრული NDI-ის ოფისში და ამით ამაყობდა იქ ვიღაც მომუშავე ადამიანი, ხელმძღვანელი, თუ ვინც იყო არ ვიცი, რომ 98 %-დან 94 %-მდე შემცირდა მათი კვლევების თანახმად ეკლესიის რეიტინგი. ეს იყო ამხელა მასშტაბური კამპანიის შედეგი და უხაროდათ, რომ ამ მასშტაბური კამპანიის, უხვად დაფინანსებული კამპანიის საფუძველზე 4 %-ით მოახერხეს ეს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ამას, რომ „გამჭვირვალობის კანონის“, რომელიც შემდეგ რუსულ კანონად გამოაცხადეს და ბევრიც მოატყუეს ამ ყველაფრით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შეჩერება და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაგჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს კამპანია შენელებულიყო. დაახლოებით, 4-5 წლის წინ, მაქსიმალურად ინტენსიური იყო ეს კამპანია და ჩვენ დაგვჭირდა ამის მხილება. მათ შორის, უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან, პირდაპირ მოგვიწია გვეწოდებინა გიგლა ბერბიჭაშვილები ამ ადამიანებისთვის, ამ ტელევიზიებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, „ენჯეოებისთვის“ და მხოლოდ ასეთი კონტრ-კამპანიით მოვახერხეთ მათი კამპანიის შენელება, არა შეწყვეტა, სამწუხაროდ ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა, არამედ შენელება. შესაბამისად, ყველა არის პასუხისმგებელი, მთელი რადიკალური ოპოზიცია ერთად, პარტიების ჩათვლით, „ენჯეოების“ ჩათვლით, ტელევიზიების ჩათვლით, მათი ე.წ. ექსპერტების ჩათვლით, ყველა ერთად არის პასუხისმგებელი იმ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ და ასეთ დროს, მათი ნიანგის ცრემლები, რომელიც უკავშირდება სამების ტაძარში ვერ მისვლას, როცა შეეძლოთ თან იმ დღესაც შესვლა ტაძარში, არის, რა თქმა უნდა, ცარიელი ფარისევლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.