"აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს" - ირაკლი კობახიძე

ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.

„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იგივე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას. რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს - აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე, ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. 

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცეების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენ საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისულებამ და რომლის შესახება საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.

ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთ დღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება მცირე მუხტი აწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანი თუ არ აღიარებ ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფოს არ აქვს გარანტია, რომ იგივე დანაშაულს, იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს.

„აქ მთავარი პრობლემა რა არის, რომ ამ ადამიანებმა, ე.წ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, აქტივისტებმა, NGO აქტივისტებმა, ამ ახალგაზრდებს, ძირითადად ახალგაზრდები არიან, ჩაადენინეს კონკრეტული დანაშაული, ჩართეს ძალადობრივ, რევოლუციურ პროცესებში.  შესაბამისად, მათ სიტყვებს ახლა არავითარი ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ თვითონ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ახალგაზრდები ჩართეს, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩართეს დანაშაულებრივ ქმედებებში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, იგივე ამნისტიასთან, შეწყალებასთან, ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთქვით ერთი რამ, რომ ვიდრე რაიმეზე დაიწყება საუბარი, უნდა ვიხილოთ მონანიება და უნდა ვიხილოთ აღიარება და შესაბამისი მიმართვა, თხოვნა. ეს არის აუცილებელი რისთვის, ჩვენთვის ხომ არ არის ეს თვითმიზანი, რომ ვიღაცამ ბოდიში მოიხადოს, ვიღაცამ აღიაროს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოს. 

რეალურად, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება. შენ თუ არ აღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ იგივე დანაშაულს, იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს. შესაბამისად, აქ ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. გახსოვთ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები ჩადენილ იქნა ასევე მრავლად 2023 წელს, 2024 წელს ერთხელ, 2024 წელს მეორედ. პირველ შემთხვევაში ერთი პირი იყო დაპატიმრებული, მეორე შემთხვევაში 6 პირი და ამან წამახალისებელი ეფექტი იქონია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. საბოლოო ჯამში, ბოლო შემთხვევაშიც 500-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული დანაშუალებრივ ქმედებებში და დაპატიმრებულია მხოლოდ 30, მაგრამ ამან უკვე მოგვცა ჩვენ პრევენციული ეფექტი. შემდეგ 4 ოქტომბრის მოვლენებმა და მასზე სახელმწიფოს რეაგირებამაც მოგვცა პრევენციული ეფექტი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ხომ არ შეიძლება, 4 წელიწადში გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი.  ხომ არ შეიძლება მუდმივად ამ რეჟიმში ვაცხოვროთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ეს არის სუფთა პრაგმატული საკითხი. ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციას და თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.

„ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპების მიხედვით ვმოქმედებთ, რასაც არ აკეთებს ევროპული ბიუროკრატია. ეს ორმაგი სტანდარტები სწორედ უპრინციპობის გამოხატულებაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ახალი დაწყებული იყო ომი, ლიეტუვიდან და ლატვიიდან 4-ჯერ მეტი ღვინო გადიოდა თითოეულიდან რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. რეალურად, ხორციელდებოდა რეექსპორტი, რასაც სოციალური დატვირთვაც ნაკლებად ჰქონდა ამ ორი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენგან ბოლომდე ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას. თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო, ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს და ჩვენი ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის არ შეიძლება რუსეთში ღვინის გაყიდვა. ამასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ. ყველაფერი დღესავით ნათელია და ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, რადგან ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს, რასაც ეფუძნება ყოველ ჯერზე მათი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.

„დებატების ინსტრუმენტი უკვე ამოქმედდა. არის ორი ტელევიზია, სადაც არსებობს დებატების პლატფორმა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, მათთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ, პირველ რიგში დაველოდებით ამ პროცესს და მის შედეგს. ჩვე მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამოძრავებთ არაკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, შესაბამისად, ჯერ სამართლებრივად უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მათთან რაიმე ტიპის დისკუსიებზე. ეს არის ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან. ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში,. ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა და აქამდე მათ თავად მიიყვანეს საკუთარი თავი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი გამუდმებით იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ავტორიტეტების წინააღმდეგ, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, კეთლდღეობის წინააღმდეგ და ამას აკეთებენ კონკრეტული ქმედებებით. დაუპირისპირდნენ იმას, რასაც აცხადებდნენ ლამის რელიგიად - ევროინტეგარციას. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმასაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს. რელიგიად გამოაცხადეს ევროინტეგრაცია და იმას დაუპირისპირდნენ პირდაპირ და გაცხადებულად. ასეთ ადამიანებს რომ ავტორიტეტი განულებული აქვთ ჩვენს საზოგადოებაში, ეს გასაკვირი, ბუნებრივია, არავისთვის უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ადგილი მათ თვითონ მიუჩინეს საკუთარ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.

„იოლი არ იყო ბუდაპეშტში გამგზავრება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე დღეები იყო ჩვენთვის, იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაც და ფიზიკური დატვირთვაც, იმდენ პროცესთან იყო დაკავშირებული საბოლოო ჯამში პატრიარქის ღირსეულად დაკრძალვის ორგანიზება, თუმცა მოვახერხეთ ნახევარი დღით გამგზავრება ბუდაპეშტში, სადაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მქონდა ფართო საერთაშორისო აუდიტორიასთან პატრიარქთან დაკავშირებით საუბრის შესაძლებლობა. მქონდა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლედ, მაგრამ საუბრის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ღონისძიება ეძღვნებოდა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს, ანუ იმ ყველაფერს, რასაც მიუძღვნა მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა პატრიარქმა ილია მეორემ. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არის კიდევ ერთხელ იმის გამოხატულება, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ფასეულობების დაცვას და განმტკიცებას. შესაბამისად, ამ სირთულის მიუხედავად, უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ასევე, ბუნებრივია, აღვნიშნავ ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორრობას, მეგობრობას უნგრეთთან. უნგრეთი რჩება ევროპაში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად, შესაბამისად, აქაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მონაწილეობით სათანადოდ დაგვეფასებინა უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის ალტერნატივა არ ჰქონდა ნახევარი დღით ბუდაპეშტში გამგზავრებას და შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

„ვინარჩუნებთ ამ ოპტიმიზმს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან და გზამკვლევით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული გზამკვლევით. მანამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა ეს იყო მთლიანად ქაღალდზე. სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ქაღალდზე, არ იყო არც რაიმე კონკრეტული შედეგები, ხელშესახები შედეგები, არც ეკონომიკის კუთხით, არც ვაჭრობის კუთხით, არც პოლიტიკური კუთხით, პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, წინა ადმინისტრაცია საქართველოში გვიწყობდა რევოლუციებს. ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი და კონკრეტული გზამკვლევი უნდა გვქონდეს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული. პოლიტიკა არის პრაგმატული მოვლენა. ორი ქვეყანაა, ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ეს ინტერესები უნდა დაბალანსდეს და ეს დაბალანსებული ინტერესები უნდა იყოს ასახული სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ შეთანხმებაში. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. კიდევ ერთხელ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ეს საჯაროდ დავაფიქსიროთ.
ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. ეს არ უნდა იყოს ქაღალდზე რაღაც დოკუმენტის გაფორმება, ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენთვის, რაც მიგვანიშნებს ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, -  აღნიშნა პრემიერმა.