გადამწყვეტ არჩევნებამდე 4 დღით ადრე ათონელის სასახლეში ბოლო კონსულტაციები იმართება. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი სალომე ზურაბიშვილს ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ შეხვედრა დახურული იყო, ამიტომ საუბრის დეტალებს ვერ გაასაჯაროებს და ვერ გაამხელს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი არჩევნებამდე მისი რჩეული პრემიერობის კანდიდატის დასახელებას.
გვარამია ამბობს, რომ "ცვლილებისთვის" "ქართული ქარტიის" ერთგული რჩება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ქარტია ამ პროცესის "ხერხემალია".
ნებისმიერ ვითარებაში როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.
პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული. რაღაცნაირად, დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი. მას ამის უფლება აქვს. მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც. სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის, ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები. და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშნდელი საზოგადოების, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია, წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოშ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ხელს გვიშლიდნენ და გვიშლიან ამაში ზოგიერთები. ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ, ვინც ამაში ხელს გვიშლის, - ამბობს „პირველებთან“ ნიკა გვარამია.
"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეს სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებსაც უმასპინძლებს.