ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო.
„იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე აუცილებლად შედგება. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ამისათვის, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები მის ანგარიშებზე, შეუჩერეს გადარიცხვები და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, მას ამ ფონზე არ სურდა შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წელს ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ქვეყნის ბიუჯეტი კი მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი.
„ფსვედოლიბერალური პროპაგანდა არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, ამაზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. იცით, რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წელს - უმძიმესი ვითარება, ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ქვეყნის ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი. ჩვენ უკვე შევძელით და ეკონომიკა გავზარდეთ 28 მლრდ ლარიდან 90 მლრდ ლარამდე და ქვეყნის ბიუჯეტი გავზარდეთ 8,5 მლრდ ლარიდან 28 მლრდ ლარამდე. რაც შეეხება დაპირებას, ჩვენი დაპირებაა, რომ 90-დან დამატებით 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში. ქვეყნის ბიუჯეტი 28 მლრდ-დან გაიზრდება და გადაცდება 40 მილიარდს.ეს არის ჩვენი დაპირებები. რაც შეეხება უმშევრობას და სიღარიბეს, სიღარიბის მაჩვენებელი დღეს არის 3,7% და ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით განახევრებულია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია. ჩვენი დაპირებაა, რომ 2028 წლისთვის უმუშევრობა ჩამოცდება 4%-იან მაჩვენებელს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგია. იგივე ეხება სიღარიბეს. სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც იყო 30% 2012 წელს, ახლა არის 11,8% და ოთხ წელიწადში ჩამოცდება 4%-ს, ანუ დამატებით დაახლოებით 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე დაძლევს სიღარიბეს. თუ 2012 წელს 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა ეს მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია 440 000-მდე და მაქსიმუმ 150 000-მდე ჩამოვა ეს მაჩვენებელი ოთხ წელიწადში. ეს არის დღევანდელი სურათი. ეს არის ჩვენი დაპირებები, ჩვენი გუნდის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.