ფაქტები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის გზავნილი, ევროპისა და რუსეთის შესახებ, ჩვეულებრივი სიყალბე და მარტივი მანიპულაციაა.
„ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. თან განსაკუთრებული ბრძოლით მოვიპოვეთ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ამ შუალედში ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ნორმა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაცია გამოცხადდა საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად. შენ თუ სხვა ამოცანები და სხვა მიზნები გამოძრავებს, როგორ შეიძლება, კონსტიტუციაში ჩაწერო ევროინტეგრაცია, როგორც ხელისუფლების კონსტიტუციური ამოცანა. ფაქტები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა საუბარია პოლიტიკური პარტიის გასამართლებაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წესის დაცვით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გასამართლებაზე. როცა საუბარია პოლიტიკურ პარტიაზე, აქ იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლო და მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამ შემთხვევაში, ჩვენი როლი იქნება ის, რომ შესაბამის ფაქტებს შევაჯამებთ და წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, აქ პრეროგატივა აქვს, ძირითადად, პროკურატურას, სასამართლოს და ამაზეა საუბარი, ანუ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით პარტიების გასამართლებასა, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების გასამართლებაზე. საუბარია სამართლებრივ მტკიცებულებებსა და მტკიცებულებებით იმის დადასტურებაზე, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადრე თუ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი საარჩევნო სუბიექტი, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი.
„ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არავითარი განსხვავება არ არის. სწორი სურათის ჩამოყალიბებაში ძალიან გვეხმარება თვითონ ოპოზიცია. მათ შორის, ის პროცესები, რაც დაიგეგმა მათი პატრონების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ეს საერთო ქარტიის შექმნა, კოალიციასთან დაკავშირებით შეთანხმება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ ხელისუფლებას შექმნიან, თუ მოიგეს არჩევნები. ისინი რომ არიან ერთ ქვაბში ჩაყრილი, ამას თვითონვე ადასტურებენ. ჩვენ რომ უნდა მიგვეწოდებინა ეს სიმართლე საზოგადოებისთვის, ჩვენი ძალისხმევაც აღარ გახდა საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად. სინამდვილეში, ისევ იგივე დაპირისპირებაა. უბრალოდ, ადრე თუ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი ნომრით, ხუთიანით, ახლა არის უკვე ოთხი სუბიექტი, მაგრამ პოლიტიკური ძალა არის ერთი და მათ ერთი რამ კრავთ ყველაზე მეტად - მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი. ამიტომ, ამ ოთხ პარტიას ჩვენ ცალ-ცალკე საერთოდ ვერ განვიხილავთ. პირდაპირი ალიანსი არსებობს მათ შორის, იმიტომ, რომ არის საერთო პატრონი - რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. დაავალეს გახარიას და „ნაცმოძრაობას“, ერთად შეექმნათ კოალიცია, შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში ერთად კოალიცია. მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთად გამოდიან საერთო პოლიტიკური დღის წესრიგით, არჩევნების დასრულების შემდეგ. კოალიციას აქვს თავისი კლასიკური განმარტება. ისინი ამბობენ, რომ მათ ექნებათ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, არჩევნებში მოგების შემთხვევაში. ეს არის კოალიცია, მეტი არაფერი. გარდა ამისა, უკვე შემდგარი ფაქტია მათი კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში. როცა შეაქმნევინეს თავის დროზე პარტია ხაზარაძეს, ეგრევე ჩაუსვეს მას აგენტურა პარტიის შიგნით. როგორიც არის სამადაშვილი. პირდაპირ „ნაცმოძრაობიდან“ გადაუყვანეს კონკრეტული ადამიანი პარტიაში, უსუფაშვილი და ხიდაშელი ჩაუსვეს პარტიაში, ანა ნაცვლიშვილი ჩაუსვეს პარტიაში. მაშინაც კი, როდესაც უკვე არსებობს კავშირი, პოლიტიკოსსა და პატრონს შორის, იქაც კი ბოლომდე არ ენდობიან და იქაც კი გაამაგრეს სხვა პიროვნებებით საკუთარი ინტერესები", - განაცხადა პრემიერმა.