ეს არჩევნები არის უპრეცენდენტოდ მშვიდი, არჩევნების კონკურენტულობაზე არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფლად რეგისტრაციის გავლის საშუალება, ყველას შეუძლია კამპანიის თავისუფლად წარმოება და პირობები აბსოლუტურად თანასწორია.
„ყველას შეუძლია ნებისმიერი ტიპის სააგიტაციო, სარეკლამო მასალა განათავსოს, იქნება ეს ტელეეთერი, ბილბორდები, თუ ნებისმიერი სხვა საშუალება. აბსოლუტურად კონკურენტულია არჩევნები. ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი გზავნილები გაუზიაროს საზოგადოებას. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანია ოპოზიციის კამპანია, მაგრამ ყველას აქვს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნები არის აბსოლუტურად თავისუფალი. რეალურად, საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ოპოზიციამ, NGO-ებმა ისაუბრონ არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში და რაიმე არსებითი ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს. შეშფოთდნენ, რომ უპრეცენდენტო საარჩევნო გარემო იყო, უპრეცენდენტოდ მშვიდი, ვერანაირ დარღვევებზე ვერ საუბრობდნენ და უცბად გამოიგონეს კონკრეტული თემა. როგორც ჩანს, შემთხვევით გაიგო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში, მერიის კონკრეტულ სამსახურში, კონტრაქტების გასაგრძელებლად პირადობის მოწმობები მოსთხოვეს. ამის მტკიცებულებები არსებობს. ჟურნალისტმა ამის გამოყენება სცადა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პირადობები ამ ადამიანებს მიატანინეს საარჩევნო მიზნებისათვის მაშინ, როდესაც ყველანაირი მტკიცებულებით დასტურდება, რომ არჩევნებთან საერთოდ არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება არ იყო ზუგდიდშიც.
„გამოვიყვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ხვალვე ვათქმევინებ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მათთვის პირადობის ჩამორთმევას. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აბსურდული თემაა, რომ შენ უცბად გადაწყვიტე ჩამოართვა პირადობის მოწმობები და თან ჩამოართვა ვის, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ გამოკვეთილი მხარდამჭერები. ჯერ რამდენს უნდა ჩამოართვა ეს პირადობა და მერე აბსოლუტური სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე. პირდაპირ შედიხარ სხვა ოპოზიციური პარტიის ელექტორატში და იქ ცდილობ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ისეთი აბსურდული ამბავია, რომ აქაც იგივეა, შეშფოთდნენ იმით, რომ არავითარი პრეტენზიის საფუძველი არ ჰქონდათ, უცბად რაღაც კამპანია მოიგონეს, რომელიც ეგრევე ჩაუვარდათ იმიტომ, რომ მტკიცებულებებით დავუდასტურეთ, რომ რუსთავში საერთოდ სხვა რამესთან გვქონდა საქმე. ზუგდიდზე არის აბსოლუტურად ნული მტკიცებულება. შესაბამისად, ეს კამპანიაც ჩავარდა. რეალურად, ხელში არაფერი აქვს ოპოზიციას. არის აბსოლუტურად მშვიდი არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, რაც პრინციპში დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ერთადერთ სისტემურ პრობლემაზე იყო საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში, ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით, პოლარიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაში პოლარიზაცია და ამაზეა მხოლოდ ყურადღება გამახვილებული არსებითად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, 12 წლის წინ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გადაიბარა.
„ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, რაც არის ძალიან ცოტა, ეკონომისტები დამეთანხმებიან და მოვახერხეთ და გავზარდეთ 90 მლრდ ლარამდე. ანუ, გასამმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ 12 წლის განმავლობაში. ბიუჯეტი იყო 8.5 მლრდ ლარი და ახლა არის 27.8 მლრდ ლარი. ამან გამოიწვია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო ეს გაუმჯობესებული ეკონომიკური მონაცემები. ეს ყველაფერი აისახა დასაქმების მაჩვენებელზე, უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 26.7 %-ზე და ჩამოსულია 13.7 %-მდე. სიღარიბის შემცირებაზეც აისახა ეს ყველაფერი, სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2012 წელს ცხოვრობდა 1 120 000 ადამიანი, მოსახლეობის 30 % და ახლა არის 440 000-მდე შემცირებული, რაც ნიშნავს 11.8 %-ს.
საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები. მოგეხსენებათ, სოციალური დახმარება მარტო სიღარიბეზე არ არის მიბმული. არის ქვეყნები, სადაც სიღარიბე თითქმის ნულოვანია და ისინიც გასცემენ სოციალურ დახმარებებს იმისათვის, რომ გაათანაბრონ ადამიანების ცხოვრების პირობები. პირველად ხდება ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არის უფრო დაბალი, ვიდრე სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანთა რაოდენობა. ანუ, იმაზე მეტს ვეხმარებით, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები, იმიტომ რომ მათაც სჭირდებათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის რეალური მოცემულობა და ამ თემაზე საუბრისას მანიპულაციას მიმართავენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე „ენჯეოები“,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი.
„რაც შეეხება ომს და მშვიდობას, ეს არის აბსოლუტურად რეალური დილემა, რომლის წინაშეც ახლაც დგას ჩვენი ქვეყანა. უფრო ინტენსიური იყო პროცესები 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში. ყველაზე მძიმე მაშინ იყო ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ეს პრობლემა დღესაც სახეზეა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე პირველი ფრონტი არის ძალაში, მეორე ფრონტის ინტერესიც არსებობს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ამის შემდეგ უკვე რადიკალურად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორც კი გაქრება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის ინტერესი - უმარტივესი ლოგიკაა. მანამდე, ვიდრე არსებობს პირველი ფრონტი, ყოველთვის იარსებებს კონკრეტულ ძალებში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ერთი მარტივი მიზეზით, იმისათვის, რომ პირველ ფრონტს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა შევწიროთ ამ ამოცანას. ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს თავის გლობალური ამოცანები, ჩვენ შეიძლება, ამას პატივი ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვერ გავწირავთ ამ გლობალური ამოცანების გამო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის და არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რადგან გარედან იყვნენ მოყვანილი თავის დროზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის, სახელმწიფოს წინაშე და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ აქ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს, ომამდეც იყო გარკვეული შეხვედრები, ომის შემდეგი დღეები იყო ერთმანეთზე მძიმე. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება კონკრეტულად ის ფაქტიც, რაც მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ხდებოდა უშუალოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც გაიმართა თავის დროზე, ჩვენ არ ვასახელებთ, ვინ იყო შეხვედრის მეორე მხარე, მაგრამ შედგა უმძიმესი დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც მაშინ ინფორმაცია მოგვაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. უმძიმესი შინაარსის დიალოგია. გეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება, განხორციელდეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ სამი მილიონი ხართ, ვერ გაგწყვიტავენ ბოლომდე და უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ამაზე იყო სიტყვასიტყვით საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.