მე მგონია, რომ არჩევანი ძალიან მარტივია - ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს - მშვიდობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც მმართველ გუნდს პრინციპული სხვაობა აქვს რადიკალურ ოპოზიციასთან, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემაა.
„რაც შეეხება ქვეყნის მომავალს, ისინი იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნასთან და ჩვენ ვიძლევით ისეთ პროგრამას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ადამიანურ დონეზეც, თქვენ იცით სახეები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ერთი არის სააკაშვილის პარტია და ყველამ კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი და რას აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო. მეორე არის გვარამიას პარტია და გვარამიაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო, რას აკეთებდა და დღეს რა პრობლემები აქვს. მას თავად აქვს აღიარებული, რომ წარსულში ფსიქიკური პრობლემები მქონდაო და ამით ამართლებდა მის უმძიმეს ქცევას მთელი ამ წლების განმავლობაში. მაგრამ როდესაც „იმედში“ შეჭრას „აპრავებდა“, როცა ადეიშვილის მოადგილე იყო და პროკურორობდა იმ სისხლიანი რეჟიმის პირობებში, არ ვიცი, შეიძლება ესეც მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი იყო. მისი პარტიის სხვა სახეებზე აღარ ვისაუბრებ. ხოშტარია, რომელსაც არავითარი პრინციპები არ აქვს, ჯაფარიძე, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს მშობლების, პატრიარქის, ეკლესიის და სამშობლოს ჩათვლით. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. არის ხაზარაძის პარტია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად ბიზნესის რეკეტში. აქ აბსტრაქტულ მონათხრობზე არ არის საუბარი, აქ საუბარია „მაგნატის“ საქმეზე, „კონსტანტას“ საქმეზე, „ელიტ-ელექტრონიქსის“ საქმეზე, სადაც მას პირდაპირ ხელს ადებენ ბიზნესის რეკეტში მონაწილეობაში. გახარიაზე აღარ ჩამოვთვლი იმ ქმედებებს, რაც მას აქვს ჩადენილი და განხორციელებული. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ვინ ჩაუსვეს ამ ადამიანებს საკუთარ პარტიებში - ადეიშვილის, მერაბიშვილის კადრები და ა.შ. სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში. „ქართულ ოცნებაში“ არის ჯანსაღი გუნდი, რომელიც არის პროევროპულად მოაზროვნე, პროევროპულად განწყობილი და რაც მთავარია, ქართულად მოაზროვნე და ქართულად განწყობილი. ყველა დონეზე თუ გადავხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს - ერთ მხარეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მეორე მხარეს „ქართულ ოცნებას“, არის ცა და დედამიწა. გაკეთებულ საქმეებს რაც შეეხება, სად იყო ჩვენი ქვეყანა 2012 წელს და სად არის დღეს იგივე ეკონომიკის, განათლების კუთხით, რამდენი სკოლა და ბაღი გარემონტდა, აშენდა, ამ დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. იმდენი საქმე გაკეთდა, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ამარტივებს არჩევანს ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ მთავარი მაინც არის ომის და მშვიდობის საკითხი. ეს ადამიანები ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას. ჯერ მიიყვანეს ომამდე ქვეყანა 2008 წელს, შემდეგ ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას 2022 წლიდან მოყოლებული და თეორიულად რომ დავუშვათ მათ მიერ არჩევნების მოგება, ეს ადამიანები აუცილებლად შეასრულებენ დავალებას და საქართველოში აუცილებლად გახსნიან მეორე ფრონტს, ისე, რომ პიარულადაც არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. მყისიერად გააკეთებენ, როგორც კი დასრულდება არჩევნები, თუმცა, მადლობა ღმერთს, ამის თეორიული შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. როცა 60%-მდეა შენი რეიტინგი, ორ დღეში ვერაფერი შეიცვლება და ასეთ დროს რეალურად რადიკალურ ოპოზიციას ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში.
„რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწევთ ამასთან შეგუება. ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არ აქვთ. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, პოლარიზაციის გარდა რაიმე არსებითი პრობლემა იდენტიფიცირებული არ არის.
„რა თქმა უნდა, პოლარიზაცია ვერ იქნება გამოყენებული ვერავის მხრიდან, როგორც არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მრავალმხრივი და კომპლექსური პრობლემა და ამაში მმართველ პარტიას ვერავინ დასდებს ბრალს. კონკურენტულობას რაც შეეხება, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომ ვიღაცამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვიღაცას დაუბლოკეს არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცას რეკლამა არ განათავსებინეს. პირიქით, ჩვენ ვართ მმართველი პარტია და დაახლოებით 5 საათის, კომერციული ფასის მიხედვით 5 მილიონის ღირებულების რეკლამა გაგვიჩერეს ოპოზიციურ არხებზე. თუ ვინმეს კონკურენციაში პრობლემები შეექმნა ხელოვნურად, ეს არის სწორედ მმართველი პარტია, რომლის რეკლამები არ განათავსეს ოპოზიციურმა არხებმა. რაც შეეხება კონკურენტულობას, რეგისტრაცია პრობლემა არ არის, კამპანია ტარდება ჩვეულებრივად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არ არსებობს არც ერთი მიმართულება, რაზეც ვინმემ რაიმე პრეტენზია შეიძლება წამოაყენოს.
„ახლა რჩება არჩევნების დღე. არჩევნების დღისთვის ჩვენ არსებითად შევცვალეთ კანონმდებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოვიღეთ ელექტრონული რეგისტრაციის, ხმის მიცემის და ხმის დათვლის წესი. მიდის ამომრჩეველი, ელექტრონულად გადის რეგისტრაციას, შემდეგ ელექტრონული აპარატის მეშვეობით აძლევს ხმას და შემდეგ აპარატი 1 წამში ითვლის შედეგებს და მარტივად იბეჭდება ერთგვარი ჩეკი, საარჩევნო ოქმი, სადაც ასახულია უკვე 1 წამში არჩევნების შედეგები. ადრე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ესეც გამორიცხულია. სისტემა არის აწყობილი მთლიანად ისეთი, რომ საბაბსაც კი არ ტოვებს არაფერზე საუბრისთვის. დაუბალანსებელი ოქმიც კი არ იქნება. პირდაპირ ღილაკზე აჭერ თითს და ამოდის გამზადებული ოქმი, დათვლაც კი არ სჭირდება ამ შედეგებს. ესეც კი გადაზღვეული გვაქვს და ვამბობთ, რომ კი ბატონო, ამოიბეჭდა ეს ოქმი, მაგრამ მერე აპარატიდან ამოიღებთ ამ ბიულეტენებს ფიზიკურად და ფიზიკურად გადათვლის თითოეული უბანი. აქაც კი გადაზღვეულია, რომ რაღაც არ მოხდეს, ჯერ იბეჭდება ეს წინასწარი ელექტრონული ოქმი და ამის შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა, შეგიძლია 5-ჯერ გადაითვალო ნებისმიერ უბანზე არჩევნების შედეგები. იმდენად გადაზღვეულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არ რჩება. ხომ არ შეიძლება, ჰაერიდან რაღაც მოიტანო, წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები დაზღვეულია, ყველანაირი ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია. არ ვიცი, რანაირად შეიძლება, ვინმემ რამე სხვა დაწეროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.