"ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია" - მეზვრიშვილი

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ. ორბელიანების სასახლეში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, იქამდე კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტთან და დაანახონ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ აღიარებენ გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე იმყოფებიან "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები.

ქარტიაზე ხელმომწერი ოთხივე პოლიტიკური გაერთიანება დღევანდელ აქციას უერთდება. რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს - ამ დროისათვის ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს  "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას "ძლიერ საქართველოში".  გახარიას პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა კი რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება მათი ლეგიტიმაცია!

"კატეგორიულად მიუღებელია ეს „კი“ ან „არა“ ტონი და ფეხების ბაკუნი ზოგიერთი ბიძინას ფეიროლზე მსხდომი და ზოგიც სასარგებლო იდიოტი ხალხისგან. ამ ისტერიკამ ბევრჯერ გააკეთა „ოცნების“ საქმე და ხალხსაც ყელში აქვს ამოსული. ესაა პოლიტიკური პროცესი და არა საბავშვო ბაღი. ხალხს ნუ ზაფრავთ და დაბნეულობა ნუ შეგაქვთ.
ეს არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას! 
ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია!
უპირველესი ამოცანა გვაქვს მტკიცებულებებით დავამტკიცოთ ამ არჩევნების გაყალბება. დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მივიყვანთ ბოლომდე!
დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით! 
ამიტომ, ემოციები დაიცხრეთ და ნუ მავნებლობთ. ჩახსნილი, მერე აღდგენილი, მერე ისევ ჩახსნილი სიები; პარლამენტში შესული, გამოსული, მერე ისევ შესული ხალხი ბევრი გვინახავს. უახლოეს წარსულს მაინც გადავხედოთ. " წერს მეზვრიშვილი.

დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს გიორგი გახარია.