რატი ბრეგაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, არ მივიდეს პროკურატურაში გამოკითხვაზე, პირველ კომენტარს აკეთებს - იუსტიციის მინისტრი სალომე ზურაბიშვილისგან გამოძიებასთან თანამშრომლობას ითხოვს.
ბრეგაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა გამოძიებას შესაძლო დანაშაულის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაოწდოს.
ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არჩევნები არის თითქოს-და ტოტალურად გაყალბებული, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა. შესაბამისად, როდესაც პროკურატურამ დაიწყო გამოძება, ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ და პრეზიდენტი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფოს მეთაური, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მაგალითი ყოველი მოქალაქისთვის იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და როგორ უნდა ითანამშრომლო ამისთვის გამოძიებასთან", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
პრეზიდენტმა პროკურატურას გუშინ ურჩია, პოლიტიკურ დაკვეთას თავი დაანებოს და საქმე აკეთოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში დღეს 31 ოქტომბერსა იყო დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.