"ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია" - პრემიერი

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9 %-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.

„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი - 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე  8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9 % საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ი  უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად ითვლება.

„დავანებოთ თავი ამ ორგანიზაციის რეპუტაციას.  ვიცით, რომ ისინი არიან მიკერძოებული და არ მალავენ მიკერძოებას კონკრეტული პარტიების სასარგებლოდ. ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ. ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აქ ერთ საინტერესო დეტალია. წალენჯიხაში, ადმინისტრაციული რესურსი არის ოპოზიციის მხარეს და წალენჯიხაში მივიღეთ 48%-ზე მეტი. თუ შეადარებთ გარშემო მუნიციპალიტეტებს ამ შედეგს, ზუსტად მიჰყვება იმ თანაფარდობას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. წალენჯიხის შემთხვევა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს არავითარი გავლენა არ ჰქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. რა სხვაობაც იყო მაგალითად წინა არჩევნებზე წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის, იგივე სხვაობა არის ახლაც. რეალურად ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და მით უმეტეს, არავითარი არც არსებითი და არაარსებითი გავლენა არ ჰქონია არჩევნების შედეგებზე“, -განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ადმინისტრაციულ რესურსში საარჩევნო პროცესში მერების მონაწილეობას გულისხმობენ, რაც არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენებაა.

„მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი მონაწილეობა არჩევნებში არის არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენება, რაც ნებისმიერ არჩევნებს თან უნდა ახლდეს. საუბრობენ იმაზე, რომ ხდებოდა „ფეისბუქის“ პოსტების გაზიარება, დალაიქება და ეს არის თრმე ადმინისტრაციული რესურსის საშინელი გამოყენება. მათ ანგარიშში წერია, რომ მოხდა გარკვეული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ინიცირება. აქ ალბათ საუბარია საარჩევნო პროგრამაზე. ეტყობა, საარჩევნო პროგრამა არ უნდა წარგვედგინა. სხვა არავითარი პროგრამის ინიცირება ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოიცავდა ოთხწლიან გეგმებს და რა თქმა უნდა, საუბარი იყო მათ შორის ინფრასტრუქტურის სფეროშ პროექტების ინიცირებაზე და ა.შ. ანგარიშში უწერიათ საჯარო მოხელეთა მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში. ჩვენი მხარდაჭერა იყო საბოლოო ჯამში 54% და დაახლოებით ხომ იგივეა ჩვენი მხარდაჭერა საჯარო მოსამსახურეებში. საჯარო მოსამსახურეებიც ხომ მონაწილეობდნენ ჩვენს შეკრებებში ან სხვა ღონისძიებებში. ეს რატომ არის უპირატესობით სარგებლობა მმართველი პარტიის მხრიდან. არსად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ერთ გვერდზე ანგარიშში არის ორი სხვადასხვა აბზაცი - ზემოთ საუბარი აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მტკიცებით ფორმით და ქვემოთ დამატებული აქვთ სიტყვე სავარაუდო. ანუ არავითარი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ISFED-ის საარჩევნო ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ვეღარ გააყალბეს პივიტის მონაცემები, ამიტომ აღარ სურთ პივიტის გამოქვეყნება. 

„მათ არ სურთ, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს არ დაარქვან ის სახელი, რომელიც მას უნდა ერქვას. მანამდე უწერიათ თავში განზოგადებულად ჩაყრა და მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა და ა.შ. იყო ორი შემთხვევა, აქედან პირველივეზე რაც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, პირი მიეცა მაშინვე პასუხისგებაში, მოხდა პირის დაკავება.

მეორე შემთხვევას რაც შეეხება, პირს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა, ხელში ეჭირა „ლელოს“ ნომრით მონიშნული ბიულეტენები. ორი შემთხვევა იყო სულ. მრავალჯერადი ხმის მიეცემა - 4. თავში უწერიათ განზოგადებულად, რომ საშინელება მოხდა, 4 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს, როცა ერთმა ადამიანმა ორჯერ სცადა ხმის მიცემა და ესეც აღიკვეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ხმა მისცა, საუბარია, რომ სცადა. მარკირების პროცედურა, მასობრივად ხდებოდა დარღვევა - 16 შემთხვევა დააფიქსირეს სულ 1000 უბანზე. ანუ 700 000 ამომრჩევლიდან 16-ის შემთხვევაში დაავიწყდა კომისიის წევრს მარკირების სითხის დასხმა ან არ მიანათა აპარატი და ა.შ. 16 შემთხვევა იყო და აქ საუბრობენ ტოტალურ პრობლემებზე. ხმის მიცემის ფარულობა, ამაზე იყო მთელი ამბავი ესეც ვთქვით, რომ 25 შემთხვევა. 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, უბნიდან გაძევება - 11 შემთხვევა. როგორ იქცეოდნენ დამკვირვებლები, ამას საზოგადოება ხედავდა, ტელევიზიით გადაიცემოდა ეს ყველაფერი. 1000 უბნიდან მხოლოდ 11 შემთხვევა იყო დამკვირვებლის გაძევების. აქ დაკონკრეტებული არ არის, რას აკეთებდა დამკვირვებელი, ეკუთვნოდა თუ არა გაძევება, მსგავსი არაფერი არ არის. 

ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა - 16-ჯერ გადაჰყვა რეგისტრატორს ბიულეტენი 700 000 ამომრჩევლიდან. ყველა აკვირდება ამას. კომისიის წევრი არის 8, ერთი ამდენი არის დამკვირვებელი და 700 000 შემთხვევიდან 16 ხარვეზი დააფიქსირეს. გადასატან ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა, დაკონკრეტებული არ არის რა იგულისხმება. აპარატებზე იყო 8 შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. უბნის მოწყობაზე, რაღაც სწორად არ დადგეს ყუთები ხუთი შემთხვევა იყო ასეთი. არასათანადო დოკუმენტის ხმის მიცემის 4 შემთხვევაში, 700 000-დან დაადგინეს 4 შემთხვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED მთლიანობაში 1000 უბანს აკვირდებოდა და ანგარიშში უწერიათ, რომ მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი, რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა. 

„700 000-დან რაღაცა დაადგინეს 25, რაღაცა დაადგინეს 16, რაღაცა დაადგინეს 4. ყველა ეს შემთხვევა აღიკვეთა, ყველაფერზე რეაგირება იყო. რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა, რაც დადგინდა, ისიც აღკვეთილი იქნა. მთლიანობაში 1000 უბანზე აკვირდებოდნენ არჩევნებს და მხოლოდ 100 უბანზე უწერიათ დაიწერა საჩივარი ანუ 1000-დან 900 უბანზე საჩივარიც კი ვერ დაწერეს. საერთოდ საჩივარი არ დაწერილა ისეთი სახით წარიმართებოდა ეს ყველაფერი. 

დანარჩენი რაც უწერიათ, ეს არის პირთა საეჭვო შეკრება. გარეთ მობილიზაციაზე იყო საუბარი. ამომრჩევლის მობილიზება, სავარაუდო კონტროლი. ამაზე ერთი რამ მინდა, გითხრათ - საინტერესო დეტალია. ჩვენ ტრენინგი ჩაგვიტარა IRI-მ, მაშინ ISFED-ის დღევანდელი ხელმძღვანელი IRI-ში მუშაობდა, სადაც ასწავლეს ჩვენებს ასეთი რაღაც - ყველა პარტიას უტარებდნენ ტრენინგებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და ასწავლიდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მობილიზება. ჩვენ სამი კარდაკარი ჩავატარეთ ამ საარჩევნო პროცესში, მათ ასწავლეს ჩვენებს, რომ უნდა ჩაეტარებინათ 7 კარდაკარი, ამ კარდაკარის დროს უნდა აეკრიფათ მონაცემები თითოეულ ამომრჩეველთან დაკავშირებით. 7-ჯერ უნდა მისულიყვნენ მათთან და არჩევნების დღეს უნდა ეზრუნათ ამომრჩევლის მობილიზება დილიდან. რომ არ გამოცხადდებოდნენ ერთხელ, მეორედ, მესამედ უნდა დაერეკათ, თუ არ მოვიდოდა, სახლში უნდა მიეკითხათ. ამას ასწავლიდა IRI ჩვენი პარტიის წევრებს, ისე, როგორც სხვა პარტიის წევრებს. რასაც ასწავლიდნენ ჩვენი პარტიის წევრებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ასე ხდება ამომრჩევლის მობილიზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამომრჩევლის მობილიზება არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია, ამას წერენ ახლა ხარვეზად.

„როცა ვერაფერს ვერ წერენ, საბოლოო ჯამში ამომრჩევლის მობილიზება არის ხარვეზი, რასაც ისინი ადგენენ, რაც არის აბსოლუტური გაუგებრობა. ბოლო თემა, რასაც შევეხებოდი ამ ანგარიშთან დაკავშირებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ასეთი რაღაც უწერიათ, რომ ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბით მოსყიდვა მოხდა - ეს არის ციტატა დასაწყისში. ახლა რა არის ეს უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, როცა ჩავდივართ უკვე დეტალებში, რა დაადგინა ISFED-მა და როგორ ახდენს ამის განზოგადებას - სულ არის 10 შემთხვევა, რაც უწერია ანგარიშში. დაახლოებით რა შემთხვევებზეა საუბარი - გურჯაანის ოლქი, ერთ-ერთი უბანი - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობის თანხის გადაცემის შემთხვევა, ვინ გადასცა, ვის გადასცა და გადასცა თუ არა, კაცმა არ იცის. არის აბსტრაქტული რაღაც, თანაც წარმოიდგინეთ, სოფელია, ქალაქია, უბანია. ამოვარდა ასეთი შემთხვევები, როცა ეწერა და გადავამოწმეთ, რომ ცოლმა ქმარს მისცა ფული, ძმამ ძმას მისცა ფული, მეგობარმა მეგობარს, წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბზეა საუბარი 700 000 ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში და სადღაც გურჯაანში დაადგინეს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა, ვინ არიან ისიც არ იციან. ზუსტად იგივე შემთხვევა - სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა, იყო თუ არა ჩვენი კოორდინატორი, ესეც არ იციან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობის თანხა გადასცა. აქაც, ვინ გადასცა, ვის გადასცა, არაფერი უწერიათ. ყველგან არის ასეთი აბსტრაქცია. ვიღაცამ, ვიღაცას გადასცა ბენზინის ტალონი, რაღაც უბანზე ალვანში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. სულ არის 10 შემთხვევა. ისინი აკვირდებოდნენ 700 000 ამომრჩეველს და დაადგინეს 10 შემთხვევა, ოღონდ იქ რა ხდებოდა, თავად არ იციან. აქ ამომრჩევლის მოსყიდვა მოხდა თუ სხვა რამე მოხდა, არ იციან. თავში ამას აქვს სათაური ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, მერე არის 10 შემთხვევაზე საუბარი  და ათივე არის სავარაუდო შემთხვევა, სადაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ სინამდვილეში რაიმე მოსყიდვა ხდებოდა.

საბოლოო ჯამში ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი ის, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული, იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.