"არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს" - პრემიერი

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია.

„სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმა არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი არის პოზიტიური და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს. 


„მთავარი არის საერთო შინაარსი ეუთო/ოდირის დასკვნის და საერთო შინაარსი არის პოზიტიური. როდესაც პრესკონფერენცია ჩატარდა არჩევნების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ საუბრობდნენ პრესკონფერენციის მონაწილეები, თან არა მარტო ეუთო/ოდირი. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და არავის გაუპროტესტებია იმ პრესკონფერენციის დროს ეს განცხადებები. ანუ, იქ მოხდა რეალურად ყველა სადამკვირვებლო მისიის მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარება, რაც არ მოეწონათ. მე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან ამის გაშუქებას, ოპოზიციურმა არხებმა შუაში გაწყვიტეს ამ პრესკონფერენციის გაშუქება, იმიტომ რომ უკმაყოფილოები დარჩნენ იმ განცხადებებით, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე, გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების უხეში თავდასხმა, განსაკუთრებით, ეუთო/ოდირზე, ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა. მანამდე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ რასაც ევროპიდან გავიგებდით, ყველაფერი უნდა მიგვეღო, როგორც ბიბლია. ახლა ისინი დაუპირისპირდნენ ეუთო/ოდირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, რესურსის გამოყენებას, დაშინებას და ა.შ. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩვენც ვკითხეთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელს, როცა საუბარია ბიულეტენების ჩაყრაზე, რამდენი შემთხვევა იყო, იყო ორი შემთხვევა, მეტი არ ყოფილა. ანუ 3111 უბნიდან ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი დაფიქსირდა. ერთი უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა საქმე, მაშინვე დაიხურა უბანი, მყისიერი იყო ზომები, რაც იქნა მიღებული, მეორე - „ლელოს“ ბიულეტენები ეჭირა ადამიანს და იქაც არ მიეცა მას ამის გაკეთების საშუალება. ანუ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წერია ზოგადი ფრაზა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ჩაყრა და ა.შ. იგივე მოსყიდვა - ათასი უბნიდან დაადგინეს ათი შემთხვევა, სადაც ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა. მისცა თუ არა, ეგეც არ ვიცი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ათასი ინტრიგანი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგრამ დავუშვათ, მისცა, ანუ 10 შემთხვევა დაინახა სხვადასხვა დამკვირვებელმა, რომ ვიღაცა ვიღაცას აძლევდა ფულს. აქ დადგენილი კი არ აქვთ სადმე, რომ ვინმემ ვინმე მოისყიდა, რა მიზნით გადასცა თანხა. არაფერი არაა დადგენილი, მაგრამ მთავარი ხომ თვითონ ციფრებია. ათი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა ათას უბანზე, სადაც მივიდა 700 000 ამომრჩეველი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არც სისტემური და არც არსებითი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ არსებობდა. იგივე ეხება ყველაფერს, ხმის ფარულობასაც და ა.შ. თავისივე დასკვნით ISFED-ი ადასტურებს იმას, რომ არავითარი არათუ არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონია ამ არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო და გამოძიებაზე, შემოწმებასა და გადამოწმებაზე ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ინსტიტუტები.

 

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უძღვებოდნენ შესაბამის პროცესებს. ეს არის სახელმწიფო, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სახელმწიფო, მას აქვს ოფიციალური ინსტიტუტები და მათ შორის, გამოძიებაზე, შემოწმებაზე, გადამოწმებაზე ამ ქვეყანაში არიან პასუხისმგებელნი შესაბამისი ინსტიტუტები. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ წინა პარლამენტში ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოვიწვიეთ ყველა პარტია, ყველა „ენჯეო“, ყველამ განაცხადა უარი მონაწილეობაზე. რატომ, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად და რა თქმა უნდა, ამის აღიარება უფრო მკაფიოდ მოუწევდათ საგამოძიებო კომისიაში ჩართულობის პირობებში, ამიტომ აარიდეს თავი. ახლა პირდაპირ აცხადებდა გვარამია, რომ ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამაში მმართველ პარტიას და ეს არის მათი ველიო, დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა, ამ პროცედურებში არ უნდა შევიდეთო, ვინაიდან სინამდვილეში იციან, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. უფრო მეტიც, უბნები არ უნდა გავხსნათ, სიები არ უნდა გადავამოწმოთო, ამას ამბობდა პირდაპირ. თუ რამეს ეძებ იმ სიებსა და უბნებში, რატომ არ გინდა ამ ყველაფრის გახსნა?! იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, რაც დაგხვდება, დაგხვდება აბსოლუტურად სუფთა არჩევნები. ამიტომ ერიდებიან ასეთ რამეს, ტყუილში არ უნდათ საკუთარი თავის მხილება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროცესები მშვიდად წარიმართება და ოპოზიცია ძალიან მალე შევა პარლამენტში.

„მგონია, რომ უფრო სხვანაირად წარიმართება პროცესები ამ ერთი თვის განმავლობაში, თვითონვე დაინახავენ, რომ რეალურად არაფრის რესურსი არ აქვთ. ეს მალე გამოჩნდება, ძალიან მალე, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მშვიდად წავა პროცესები. სხვათაშორის, ამის გარანტია შექმნა ქართველმა ხალხმა, 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა არის მთავარი, რაც ქმნის გარანტიას, ამაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავის სიტყვაში, ასე ვთქვათ, მინიშნებები, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნებოდა ნოემბერი და დეკემბერი, ეს იყო წინასწარმეტყველება და ასეც ხდება. სწორედ, იმის გამო, რომ ქუდზე კაცი გამოვიდა და ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა, დაახლოებით 200 000-ით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით, კიდევ ერთხელ მადლობა საზოგადოებას, ქართველ ხალხს ამისათვის, ამიტომ არის ეს დღეები უფრო მშვიდი, ვიდრე იყო 4 წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ ასეთივე, ბევრად უფრო მშვიდი იქნება ნოემბერ-დეკემბრი 4 წლის წინანდელ ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით. არავითარი რესურსი არ აქვთ ამ ადამიანებს, მშვიდად წარიმართება პროცესები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შემოვლენ ისინი პარლამენტში,“- განაცხადა პრემიერმა.