ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ათასი სისულელე გაჟღერდა ამ დღეების განმავლობაში და ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო.
„საინტერესო რა არის, ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა “ქართულ ოცნებას”, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო “’ნაცმოძრაობას” და „ახალს“, არ აკლებდა გახარიას და “ლელოს” და ამათთვის მიზანმიმართულად გამოკლებული ხმები ჩიპში ჩაბუდებულ ეშმაკს გადაჰქონდა “ქართულ ოცნებაზე”. ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ, საოცრებაა. ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ უმარტივესი ზომები დაუპირისპიროს ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას.
„როცა 4 წლის წინ ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ, პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში აღარ განმეორდებოდა და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ამიტომ შემოვლენ, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დავუპირისპიროთ მათი მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას. მათ შორის, კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს ათასგვარ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არავითარი ფასი არ ჰქონდეს მათ საბოტაჟს. შესაბამისად, მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ ამასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ მათ დიდხანს სცადონ საბოტაჟის წარმოება, რადგან ნულოვანი რესურსი აქვთ ამისთვის და რჩევებსაც მიიღებენ შესაბამისს. ამიტომ მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,“- განაცხადა პრემიერმა.