ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა, მათ შორის, ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მეტი, ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას.
„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც 4 წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა. არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. თუ რაიმე არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. რეალურად, რაიმე საბაბიც კი არ აქვთ მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არაფერია სადავო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც, რაც პირდაპირ იკითხება, მათ შორის ცნობილი ენჯეოების დასკვნებიდან.
„მათივე ენჯეოების დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება, რომ მაგალითად წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, ჯანსაღი. უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებთან შედარებით. რომ გავიხსენოთ 2021, 2020, 2018, 2016 წლები, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ამომრჩევლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ღილაკზე თითის დაჭერით, ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში, რეალურად საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი, საერთოდ ვერაფერს ამბობენ. კარდაკარი არის ამომრჩევლის მობილიზაციის ჩვეულებრივი მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ. IRI-ის ტრენინგი ჩაუტარდათ საარჩევნო მიმართულების პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან, ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ შვიდი კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ, მეორედ, მესამედ დარეკვა, დარეკვით თუ ვერ მოდიოდა ამომრჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა, საჭიროების შემთხვევაში შენ თვითონ უნდა უზრუნველგეყო, წაგეყვანა საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაციაზე აქცენტის გაკეთება და მისი წარმოჩენა არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძვლად, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს.
„ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა. ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ზე ჩამოვიდნენ. მერე რომ ნახეს, 300 000 ხმაც არ ჰყოფნიდათ, ჩვენ 335 000 ხმით ნაკლებიც რომ აგვეღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რომ ნახეს, მერე თქვეს 400 000. საერთოდ საიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები. საერთოდ არ აქვთ არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს მათი აბსოლუტურად ყველა განცხადება, სიუჟეტი, შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება, თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ, ჩაიხედონ გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„მარტო ინფრასტრუქტურა რომ ავიღოთ, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი. გვირაბის ჯამური სიგრძე, თუ არ ვცდები, 3,5 კილომეტრი იყო და ხიდის - დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული. რაც შეეხება გვირაბებს, 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარტო გვირაბია აშენებული. ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის. მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების დროს, თან ეს იყო ამ მაგისტრალის ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება, 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი რეალური ბრალდების გარეშე. ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგეს. ერთადერთი, რასაც გვაყვედრიდნენ, იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35 პროცენტს, ეს ტრაგიკულია, თუმცა მთავარია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60 ათასით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. მთავარია, საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის ქვეყნის განვითარება. ამ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ნაწილში დასახულია ძალიან მკაფიო მიზნები და ეს არის ეკონომიკის ზრდა 130 მილიარდ ლარამდე.
„90 მილიარდიდან ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 მილიარდ ლარს. 200 000 ახალი სამუშაო ადგილიც არის აბსოლუტურად რეალური დაპირება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით 170 000 სამუშაო ადგილი. ჩვენს დაპირებებს ზურგს უმაგრებს უკვე გაკეთებული საქმე. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად, დაპირება, რომ კიდევ 40 მილიარდით გაიზრდება ეკონომიკა, ძალიან მყარ ნიადაგზეა დაფუძნებული. იგივე ეხება სიღარიბის შემცირებას. ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 2012 წლის შემდეგ 30 პროცენტიდან 11,8 პროცენტამდე, ანუ საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 680 ათასით და 440 ათასამდე არის ჩამოსული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსცდება 150 ათასს, ეს არის ის პროგნოზი და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული. თვისებრივად სხვა დონეზე გადავიყვანთ ჩვენს ქვეყანას 4 წლის თავზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია, შესაბამისად, გაიზრდება პენსია 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრებისთვის.
„ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. განათლების მიმართულებით გვაქვს ამბიციური პროექტი, რაც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს საუნივერსიტეტო განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ახალი სტადიონი და ა.შ. არის ძალიან კონკრეტული ამბიციური პროექტები, რაც გათვალისწინებულია ამ პროგრამით. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე განვაახლეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა დაპირება შესრულდეს. აბსოლუტურად ყველა დაპირება არის შესრულებადი. ამბიციურთან ერთად, ჩვენ მიერ წარდგენილი პროგრამა არის რეალისტური. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც მთელი სამთავრობო გუნდი არის მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.