"ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან" - პრემიერი

საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი.

 

„ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ       საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ. 

„ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს ის, თუ როგორი იყო ჩვენი პროგნოზი ოპოზიციის ქცევასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ისინი გაიმეორებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც აკეთებდნენ 4 წლის წინ. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, მარცხს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს, ამ არაღიარებით უწევთ თავის მართლება იმ ტყუილისთვის, რომელსაც ეუბნებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებამდე. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები ქვეყნის გარეთ და მათთანაც უწევთ ანგარიშის ჩაბარება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. მაშინ გახსოვთ, რომ იყო მოლაპარაკებები, იყო აპრილის შეთანხმება,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა.

„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ ენჯეოს და მათ დონორებს, რომ პივიტი იყო ცდომილებაში ცესკოს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა პივიტის შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა - როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაშ. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არ არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთია ენჯეოების მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა. 

 

„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი პირველ რიგში პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავის არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება. წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ ისინი პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ - ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, ოპოზიციას დღეს არ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდათ 4 წლის წინ.

 

„მაშინ მათ ჰქონდათ რესურსი, რომ ჩვენ იძულების ქვეშ დავმდგარიყავით, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა არასწორ შეთანხმებაზე. ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა მაშინდელ შეთანხმებას, ერთი ეს იყო სასამართლოზე ოპოზიციის გავლენის დაბრუნება - პირველი რაც აისახა მაშინდელი აპრილის შეთანხმებაში, მეორე იყო ცესკოზე ოპოზიციის კონტროლის უზრუნველყოფა, კონკრეტული მექანიზმები იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული.

 

პარლამენტი რეალურად ვერ ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს, რადგან იყო საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა, შესაბამისად, ოპოზიციონერი მოადგილე ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში ცესკოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, კვალიფიციური უმრავლესობის გამო, პარლამენტი ვერ ირჩევდა ცესკოს სხვა წევრებს, ამის გამო, ოპოზიციის ხელში გადადიოდა ცესკოში უმრავლესობა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ანუ ოპოზიციის ხელში რომ ყოფილიყო ცესკოს უმრავლესობა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა. ის საბოტაჟი, რასაც ცდილობენ ისინი პარლამენტში, მოხდებოდა ცესკოში და არჩევნებს დაუკავშირდებოდა. არჩევნები საერთოდ ვერ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა არჩევნებს. ამის შემდეგაც გაგრძელდა ზეწოლა ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, სასამართლოზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნება იყო პირველი მიზანი, მეორე იყო ცესკოზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის უზრუნველყოფა და მესამე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

 

„მაშინ ჩვენ მოგვიწია 43-პროცენტიან ბარიერზე დათანხმება, რაც იყო სრული ნონსენსი, სრული აბსურდი. თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, ამაზეც მოგვიწია დათანხმება. ეს სამი საკითხი გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. მაშინ იყო უფრო ძლიერი ოპოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი იყო შესაბამისი, დღეს საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ, მათ შორის იმის გამო, რომ როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ისინი ახლა ცდილობენ, შევიდნენ ერთ მდინარეში მეორედ, რაც უბრალოდ შეუძლებელი და გამორიცხულია, ამიტომ მათ უკვე გაისროლეს ის ტყვიები, რაც დღეს უნდა გამოეყენებინათ. 4 წლის წინ რაც ჰქონდათ არსენალში, ყველა ტყვია გახარჯეს, შესაბამისად, დღევანდელ საბოტაჟს მათი მხრიდან არავითარი ეფექტი არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან სუსტი პოზიციები, ვინაიდან არც საბაბი აქვთ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ და არც ხალხის მხარდაჭერა. 

„ადრე იყო, 4 წლის წინ, დავუშვათ, ადამიანური შეცდომები, ტექნიკური ხარვეზები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ახლა ასეთი რამეებიც კი არ არის, ანუ აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი და ამ კუთხით აქვთ სუსტი პოზიციები და ასევე მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა დღეს არის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. თქვენ იცით, რამხელა სხვაობა იყო ჩვენს შედეგსა და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს იყო 890 000 ხმა, ანუ ჩვენმა პარტიამ აიღო 890 000 ხმით მეტი მეორე პარტიასთან შედარებით, 43 %-ით მეტი ავიღეთ. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება საარჩევნო წარმატებას და ქუჩაში წარმატებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერც იქ გექნება წარმატება და ვერც აქ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არც გეგმა აქვთ, ვინაიდან რაღაც უნდა გიმაგრებდეს პოზიციებს, რომ გეგმა დასახო შენი აქტივობისთვის. გეგმას ზუსტად იმიტომ ვერ სახავენ, რომ არავითარი სიმყარე არ აქვთ საკუთარ პოზიციებში. არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი არიან სუსტად წარმოდგენილნი,“ - განაცხადა პრემიერმა.

ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში "აქტუალური თემა" ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი ჩარევები მათთვის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს.

„მადლობა მათ, ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და ჩვენი ექსპერტები, რომლებიც კვლევების ანალიზში გვეხმარებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მათთვის კონტრპრდუქტიულად იმოქმედა. ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით. ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფეირ კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე. ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, ამით გაამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა ასეთი ვიზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერის თმით, თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება.

 

„რაც შეეხება ეგზიტპოლს -თუ აყალბებ არჩევნებს, თუ მმართველი პარტია აყალბებს არჩევნებს, თეორიულად დავუშვათ ასეთი რამ - ამ სემთხვევაში ხომ პროპორციულად კლდება ყველა ოპოზიციურ პარტიას. ამას ამბობენ. შენ დაიმატე 400 000 ხმა, ეს უნდა გამოაკლო და პროპორციულად უნდა მოაკლდეს ოპოზიციურ პარტიებს. სხვა ლოგიკა ხომ არ არსებობს. ეგზიტპოლი როგორ შეიძლება იყოს სანდო, როცა გვაქვს შემდეგი მოცემულობა - არჩევნებზე დაფიქსირდა 11% „ახალი“ და 9% „ლელო“. 2%-იანი სხვაობა იყო „ახალსა“ და „ლელოს“ შორის. „ედისონის“ ეგზიტპოლის მიხედვით, 18% ჰქონდა „ახალს“ და 9% ჰქონდა „ლელოს“. ანუ, არჩევნებში დაფიქსირებულია 2%-იანი სხვაობა და ამათ აქვთ ორმაგი სხვაობა დაფიქსირებული. ცალკე ავიღოთ „ჰარისის“ და „ედისონის“ ეგზიტპოლები - ერთმანეთში აქვთ ცდომილება. რომელს უნდა ენდო. როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ერთმანეთში შეთანხმებული, აქეთ „ფორმულას“ და იქით „მთავარს“, რა ფორმით გაყალბდებოდა ეს ეგზიტპოლები, ერთმანეთსაც კი ააცილეს ეგზიტპოლის შედეგები. უფრო მეტიც, როგორ შედიძლება არჩევნებზე ამოვიდეს 2%-იანი სხვაობა, 9 და 11 და ეგზიტპოლში „ლელოს“ პროცენტი სწორად დაჯდა, 9% და 11-ის მაგივრად 18 % დაუფიქსირეს „ახალს“, ისე, რომ 2%-ის მაგივრად ორმაგი სხვაობა ფიქსირდება ეგზიტპოლში „ახალსა“ და „ლელოს“ შორის. თვითონ ეგზიტპოლები რომ გაყალბებულია, ამის მტკიცებულებას პირდაპირ იძლევა ამ ორი ეგზიტპოლის შედარება და ასევე ეგზიტპოლის და ცესკოს შედეგების შედარება. გაყალბებაზე არ საუბრობენ სინამდვილეშ ისინი, ისინი რასაც გვაბრალებენ, ეს არის ფოკუსი. ეს არ არის გაყალბება. 400 000 ხმის დამატება ეს არის ფოკუსი და არა გაყალბება. როცა ასეთ რაღაცას გაბრალებენ, ჩანს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშა ოპოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში.

„შეიძლება შეხვედრა ღირდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აკლიათ ინფორმაცია, რომლებიც არიან ობიექტურები. თქვენ გახსოვთ, იყო, გაიმართა ასეთ ადამიანებთან შეხვედრები არჩევნებამდე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აკეთებდნენ იმას, რაც ჰქონდათ გასაკეთებელი, რაც ჰქონდათ დავალებული. ამ მოთხოვნის მიზანი იყო, რომ ეჩვენებინათ, თითქოს რაღაც სცადეს და ჩვენ ვუთხარით უარი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქაც ვერაფერი მოიგეს. აქ იყვნენ წარმოდგენილნი ადამიანები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუ არ ვცდები, 8 კაცისგან შედგებოდა დელეგაცია და ერთ-ერთი მათგანი, სხვათაშორის, საერთოდ არ მივიდა აქციაზე, ანუ გამოეყო შესაბამის ჯგუფს, ესეც საინტერესო დეტალია. აქ იყო რამდენიმე უცხოელი დეპუტატი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში და ახლა ეს ადამიანები გვესაუბრებიან საარჩევნო დარღვევების თემაზე. თვითონ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს და ახლა ჩამოდიან, როგორც „ობიექტური შემფასებლები“ იმ არჩევნებისა, რომელიც ჩატარდა საქართველოში. არ შეიძლება ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე აქ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს. რვავე ასეთი არ იყო, მაგრამ დელეგაციის ნახევარი ჩართული იყო წინასაარჩევნო აგიტაციაში, გახსოვთ, რა მოწოდებებით გამოდიოდნენ სცენაზე ბოლო ვიზიტის დროს, იყო მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება და აღარ მინდა ყველაფერს შევეხო. ამიტომ, არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ აქვს, როცა წინასწარ იცი, რომ ბოლოს მაინც ის დავალება უნდა შეასრულონ, რომელი დავალებითაც ჩამოვიდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.