ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
პრემიერის თმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება.
„ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას. საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის, იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა ეფექტი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები, დავიცავით ამ ქვეყნის ღირსება და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი კიდევ ხანგრძლივად გამოყენებულიყო შანტაჟის ინსტრუმენტად, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე. ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და აქედან გამომდინარე, მე მგონია პირიქით, რომ წელს ეს არ მოხდება, მაგრამ მომავალ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, მანამდე უკრაინაში ომიც დასრულდება, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ასე გაგრძელდება პროცესები. სადაც ღირსებას აჩვენებ, იქ საბოლოო ჯამში, შედეგს მიიღებ საკუთარი ქვეყნისთვის, სადაც ღირსებას არ აჩვენებ, კი ვხედავთ, ზოგიერთი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ღირსებით გავაგრძელოთ სვლა წინ, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასეთ პირობებში, ყველა შედეგი მიღწევადია. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი არის მიღწევადი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მალე იქნება ხელშესახები შედეგები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით.
„მე არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში წინა ელჩის პირობებში, გახსოვთ, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2021 წელს, 2022-ში, 2023-ში, რევოლუციის 2 მცდელობა იყო ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, ურთიერთობების ის დონე, რომელიც არის დღეს სახეზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ამას სჭირდება თვისებრივი, არსებითი გადატვირთვა. ამაზე ვართ ჩვენ ორიენტირებულები, ამიტომ არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან მალე ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. მე მგონია, რამდენიმე თვეში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება სერიოზული ძვრები ამ ურთიერთობებში.
ჩვენ სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დასრულდა ამერიკის არჩევნები და ესეც დასრულდა ისე, როგორც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას და დარჩა მესამე საკითხი - ეს არის უკრაინაში ომის დასრულება,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება.
„დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო - ერთი არის ის, რომ მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენ რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხი შემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე - ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირმა მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი და უმძიმესი ეკონომიკური განვითარება.
„მე მგონია, რომ ევროკავშირისთვისაც არის ძალიან სასარგებლო ის შედეგი, რომელიც დადგა აშშ-ში. თქვენ იცით, გასულმა ოთხმა წელიწადმა რა მოუტანა ევროკავშირს. უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი მსხვერპლი ომი უშუალო მონაწილეების შემდეგ იყო ევროკავშირი, რომელმაც შედეგად მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი, უმძიმესი ეკონომიკური განვითარება, გერმანია რომ ავიღოთ, ავტომობილების ინდუსტრიას, რაც არის გერმანიის სამარკო ნიშანი, აქვს სერიოზული პრობლემები, სხვა ქვეყნებშიც არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, არის ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებელი, ქვეყნების დიდ ნაწილში არის ეკონომიკის ვარდნა. ეს ყველაფერი ევროკავშირს და ევროპას მოუტანა უკრაინაში მიმდინარე ომმა. ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ლიდერები უნდა იყვნენ უფრო მეტად ორიენტირებულები აშშ-ის ხელისუფლებასთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.