ნამდვილად გასაკვირია, რომ შოლცმა ამ განცხადებისთვის მოიცალა, მას დაეშალა გერმანიაში მთავრობა, თებერვლის ბოლოს ტარდება ბუნდესტაგის არჩევნები და უკვე ცხადზე ცხადია, რომ ის ვეღარ ინარჩუნებს კანცლერის თანამდებობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“, შოლცის, მაკრონისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის შინაარსი და მიზნები კიდევ ერთხელ განმარტა.
„შოლცი იყო ამ ერთობლივი განცხადების ნომერ პირველი ავტორი. თებერვლის ბოლოს ბუნდესტაგის არჩევნები ტარდება, ამ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ და მას ჩაანაცვლებს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი 99%-იანი ალბათობით, თუმცა მას სცალია საქართველოსთვის და ასეთი განცხადებებისთვის. ეს ცალკე საკითხია. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ათამდე პუნქტს, სადაც ასახულია ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ბავშვებში არ უნდა შეიტანო ლგბტ პროპაგანდა. არ შეიძლება, სკოლებში ასეთ შინაარსი შევიდეს. არ შეიძლება, ასეთ პროპაგანდა წარმოებდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით, იგივე კინემატოგრაფიის და შემოქმედებით პროდუქციის გამოყენებით, რისი არაერთ მაგალითი მათ შორის საქართველოშიც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყბადაღებული თემაა, რომ დედა დედაა, მამა მამაა, კაცი კაცია, ქალი ქალია. ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში. მაგალითისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შეგიძლიათ მიხვიდეთ სამოქალაქო რეესტრში და თუ მოითხოვთ, რომ გადაეწეროთ მამაკაცად, დაუყოვნებლივ უნდა დაგიკმაყოფილონ. ასეთ რამ რომ ეთქვეთ 30 ან 20 წლის წინ, ალბათ გაგეცინებოდათ, მაგრამ რაც იყო გასაცინი 20 და 30 წლის წინ, დღეს ის კატასტროფული რეალობაა. ამ რეალობის წინაშე დგას არაერთ ევროპული ქვეყანა. ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზეა საუბარი, რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენთან დაშვებული. რაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში, რომ უნდა იყოს გენდერულად ნეიტრალური ტერმინები გამოყენებული საჯარო სამსახურში, რომ ქალის და კაცის მაგივრად უნდა თქვა ადამიანი, რომ ქალიშვილი, ვაჟიშვილი არ შეიძლება და უნდა თქვა მაინცდამაინც მარტო შვილი. შეიძლება, აგიკრძალონ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც სქესზე მიუთითებს. არის საუბარი იმაზე, რომ ორი სქესი არსებობს და არ შეიძლება, ამის მიღმა სხვა სქესის მითითება მოგთხოვონ სხვადასხვა ჩანაწერში და ა.შ. საუბარია ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე. 20 წლის წინ ამ კანონპროექტის ინიცირება ალბათ სასაცილოდ არავის ეყოფოდა, რადგან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზეა საუბარი. მაგრამ რაც 20 ან 30 წლის წინ იყო ელემენტარული ჭეშმარიტება, ის დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპის ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში. პირიქით, აბულინგებენ ადამიანებს, რომლებიც ამას უპირისპირდებიან. უხეში ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და უცბად, ერთ წამში გადაეწეროს კაცად. ვინც ამას ამბობს ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, მათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ და ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაშ დავუშვათ ეს პარადოქსი. როცა გამოდიან ევროკავშირის ლიდერები და გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო შეიძლება დაისაჯოს, არ ეღირსება ევროინტეგრაცია და ა.შ, ეს ხომ გამაოგნებელია. საზოგადოებამ იმსჯელოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რამეს ვაჭარბებ, პუნქტობრივად გავიაროთ ეს ყველაფერი და დაგვარწმუნონ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მსგავსი კანონის მიღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ.
„ვფიქრობ, რომ ეს მიდგომები ანალოგიურად აისახება ასევე ევროპულ მიდგომებზეც, ანუ იქაც აპირებენ იგივე კანონმდებლობის მიღებას. ჩვენ დღესაც ღია ვართ ამ დისკუსიისთვის. თუ რომელიმე პუნქტზე დაგვიმტკიცებენ, რომ აქ რაიმე არის შეუსაბამო, ან სამართლებრივ პრინციპებთან, ან ზოგად ფასეულობებთან, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის არასწორი, რომ კაცი კაცია არის არასწორი, ქალი ქალია არის არასწორი. ცენზურაზე საუბრობდნენ. 2 მამაკაცის ინტიმური სცენა რომ არ შეიძლება იყოს ფილმში და არ შეიძლება ეს მაგალითად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვას, ეს ხომ ელემენტარული საკითხია. არა, არ შეიძლება შენ ეს აკრძალო და ეს არის ცენზურა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ კერძო ტელევიზიაში, ჩვეულებრივად შეიძლება გავიდეს ფილმი, რომელიც შეიცავს ერთსქესიან ინტიმურ სცენას. მარტივ ჭეშმარიტებაზე გვაქვს საუბარი. როდესაც ევროკავშირის სახელით გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არის უბედურება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ის არის ბედნიერება, რაც უნდა აიკრძალოს, ლგბტ პროპაგანდას ვგულისხმობს, ეს გამაოგნებელია ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ჩვენთან ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული, მათ შორის, რა თქმა უნდა, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. ყველას აქვს თავისი არჩევანი, თავისი ცხოვრების წესი, სახელმწიფო ამაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, ვერც განიკითხავს და განსჯის ადამიანებს იმის გამო, რომ მათ აქვთ ესა თუ ის ცხოვრების წესი. ეს საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც იზღუდება ამ კანონით, ეს არის პროპაგანდა. არავის ვეხებით, ვერც შევეხებით და განვსჯით ვერავის, ვინმეს მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, არის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის დაკისრება, მაგრამ ადამიანის მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. შესაბამისად, ეს არ არის არც ამ კანონის საქმე და ეს არ წერია ამ კანონში. ერთადერთი, რაც იზღუდება ამ კანონით, არის ის უხეში პროპაგანდა, რომელმაც მძიმე შედეგებამდე მიიყვანა საზოგადოებები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მძიმე სტატისტიკა. ტრადიციულად, 2-3% თუ იყო ლგბტ პირების რაოდენობა, არა მარტო მათი რაოდენობა, ვინც საჯაროდ აცხადებდა, ლგბტ პირებისა, რაც დადგენილი იყო კვლევების საფუძველზე, იყო 2-3%. დღეს, 18-25 წლის ახალგაზრდებში, ამ ქვეყნებში, სტატისტიკა უკვე შეადგენს დაახლოებით 20%-ს და რომ ავიღოთ 26-32 წლის ახალგაზრდები, სტატისტიკა შეადგენს 7%-ს. წარმოიდგინეთ, რომ პროპაგანდის ხარჯზე, 7-წლიან ინტერვალში, 3-ჯერ გაიზარდა ლგბტ პირების რაოდენობა ამ საზოგადოებებში. ჩვენ არ გვინდა ამის დაშვება სხვადასხვა, მათ შორის, პრაგმატული მიზეზების გამო, რომ ისედაც გვაქვს პრობლემები დემოგრაფიის კუთხით და არ გვინდა, კიდევ უფრო მეტად დავამძიმოთ ჩვენთან ვითარება ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე.
„ადამიანები გვეუბნებიან მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ არ ვარგა. გვეუბნებიან, რომ NGO-ების გამჭვირვალობას სჯობს NGO-ების ბუნდოვანება. მარტივად რომ დავიყვანოთ ერთ მესიჯამდე, რასაც რუსულ კანონს უწოდებენ, ეს არის ის, რომ NGO-ების ბუნდოვანება სჯობს NGO-ების გამჭვირვალობას და როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ. თავი დავანებოთ იმას, რომ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი კანონები, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და .ა.შ. მარტივ მესიჯამდე დადის ეს ყველაფერი, რომ NGO-ების ბუნდოვანება სჯობს NGO-ების გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება, ამას ევროპელი ან ამერიკელი გეუბნებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც, ამ ბოლო ცვლილებების შემდეგ, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველ რიგში, ეს მიდგომებიც შეიცვლება და ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე აღარავინ გაკიცხავს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.