"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას" - ირაკლი კობახიძე

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული ქვეყნის კონსტიტუციით, გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შესაბამისი უფლებების რეალიზებისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - "აქტუალური თემა" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც COP29-ის კონფერენციას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონფერენციის თემა - კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის. მისივე განცხადებით, ბაქოში ვიზიტისას შესაძლებლობა ჰქონდა განეხილა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები არაერთ ლიდერთან.

„გახსოვთ არაერთი მძიმე სტიქიური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებებთან და იმ ზოგად ტენდენციებთან, რომელიც ეკოლოგიური კუთხით შეინიშნება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა არის მაღალმთიანი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტია ჩვენი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შესაბამისი ნეგატიური ცვლილებების თავიდან არიდებისთვის. ჩვენ მიერთებული ვართ სხვადასხვა დოკუმენტსა და ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი ცვლილებების უზრუნველყოფას. გვაქვს კონკრეტული გრძელვადიანი, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნები, რაც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზავნილები გავუზიარეთ პარტნიორებს. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით და გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შესაბამისი უფლებების რეალიზებისკენ. რაც შეეხება COP29-ის მაღალი დონის კონფერენციას, რომელიც ბაქოში გაიმართა, ბუნებრივია, პოლიტიკური კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, საინტერესო. ასეთი ფორმატი გაძლევს საშუალებას, რომ ათეულობით ლიდერს გაესაუბრო სხვადასხვა ფორმატში ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. მქონდა არაჩვეულებრივი,  ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ილჰამ ალიევთან და გარდა ამისა, არაერთ ლიდერთან მქონდა შეხვედრის, გასაუბრების საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც ეს კონფერენცია,“- განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თმით, საქართველო მზად არის, მედიატორის რანგში  კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში.

 

„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. თუ იქნება ინტერესი, რომ საქართველო მედიატორის რანგში ან სხვა კუთხით კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში და ა.შ, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ამ კუთხით ჩვენს მზაობას. რა თქმა უნდა, ეს მზაობა ახლაც არის ძალაში. თუ იქნება ეს ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერა შევთავაზოთ ორივე ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თმით, მომდევნო ოთხი წლის გეგმაა, რომ 40 მილიარდი ლარით გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.

 

„ეკონომიკის კუთხით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ჩვენ გვინდა, რომ 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. დღეს თუ არის 28 მილიარდამდე ჩვენი ბიუჯეტი, გვინდა, გადასცდეს 40 მილიარდ ლარს. გვინდა, რომ უმუშევრობა შემცირდეს 4%-მდე, რაც არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ანალოგიურად, შეგვიძლია სიღარიბე შევამციროთ 4%-მდე. ჯერ კიდევ მაღალია მაჩვენებელი. 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-ზე ჩამოვიდეს ეს მაჩვენებელი. დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ინფრასტრუქტურის კუთხით, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით. ჩვენს გეგმებში შედის ავტობანის მთავარი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება ისე, რომ საზღვრები ერთმანეთს დავუკავშიროთ სრულად. ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც უკვე დაწყებულია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიყვანთ უკვე ოთხი წლის თავზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამბიციური გეგმები აქვს ხელისუფლებას ასევე განათლების მიმართულებით.

 

„ამბიციური საუნივერსიტეტო რეფორმა განხორციელდება, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, მთლიანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. კულტურის, სპორტის სფეროში გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები“, -განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არის სრულიად ცხადი და მომდევნო ოთხ წელიწადში ხელისუფლების ამოცანაა, რომ ასოცირების შეთანხმებით და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულდეს.

 

 

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ პრიორიტეტები არის აბსოლუტურად ცხადი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი ამოცანაა, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ უკვე 2028 წლისთვის. ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური და ამასთან, რეალისტური და აღსრულებადი გეგმები, შესაბამისად, ყოველდღიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს გეგმები განვახორციელოთ“, - განაცხადა პრემიერმა.