აფხაზეთში, აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ სამთავრობო კომპლექსის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და პირობას იძლევიან, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ.
იქამდე კი, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა. გარდა ამისა, "სამართალდამცველებმა" მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაახლოებით ერთი საათის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ე.წ პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს. აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა.