თბილისი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი გახდება - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ქუჩებში გადიან

თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გადიან. ზუსტად პირველ საათზე პირველი შეკრება წერეთლის გამზირზეა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა".  ახალგაზრდები გეგმავენ შაბათს დილიდან დაიწყონ დედაქალაქის მთავარ გამზირებზე მსვლელობა და "ოცნებას" მოპარული ხმების დაბრუნება აიძულონ. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ხალხი ფიქრობს, რომ ახლა წნეხი არის ერთადერთი გზა, რაც ივანიშვილის გუნდს უკან დაახევინებს. წერეთლიდან დაძრული საპროტესტო მსვლელობის საბოლოო გაჩერება ჭავჭავაძის გამზირი იქნება.

დღეს პირველ საათზე ვიკრიბებით აკაკი წერეთლის ძეგლთან. "დაიტოვე" ახლა იწყებს გარკვეულ, კრეატიულ პროცესს, რომელშიც გვინდა ჩავრთოთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობა იმ განსხვავებული ადამიანების, რომლებიც შეიძლება, ცოტა დემორალიზებულია, ცოტა ნიჰილიზმშია ჩავარდნილი და ვისაც ნამდვილად გავაგონებთ ჩვენს ხმას და ამაზე პასუხს აუცილებალდ მოგვცემენ თავისი ინიციატივით. მათ გარეშე არ გამოვა და უნდა გვესმოდეს, რომ 25-ში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია ჩვენი რაოდენობით", - ამბობს "დაიტოვეს" წარმომადგენელი. 

ზუსტად სამ საათზე კი ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად აქცია პროდასავლურ ოპოზიციას აქვს დაანონსებული. 

სიმბოლურია, რომ კვლავ უნივერსიტეტთან შევიკრიბებით და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც იქ არიან რამდენიმე დღეა და არა მოხლოდ თსუ-ს სტუდენტებს, ბათუმელს სტუდენტებს, ილიაუნის სტუდენტებს, ზუგდიდელ სტუდენტებს. დღესვე ამ შეკრებაზე, ჩვენ გეტყვით, 24-ში და 25 ში რა გეგმები გვაქვს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი პროტესტის გამოსახატად", - განაცხადა "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.