მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას , რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა.
„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატზე ოპოზიციის აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ კანდიდატი სწორად არის შერჩეული.
„რაც შეეხება ოპოზიციის და მათი მედიასაშუალებების, მათ შორის, სოცმედიაში გაშლილ კრიტიკას, კრიტიკაზე მეტად ეს არის სიძულვილის კამპანია, რაც მათთვის დამახასიათებელია და რასაც არავითარი ფასი არ აქვს. მათ შორის, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ამაზე ბევრად უფრო ბინძური კამპანია ჰქონდათ გაშლილი ამ ადამიანებს, ამ მედიასაშუალებებს თავის დროზე, 6 წლის წინ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას და დადგა არა სახელმწიფო სამსახურში, არამედ უცხო ძალის სამსახურში, მაშინვე, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადეს ეს ადამიანი. თავის დროზე მოღალატედ შერაცხული სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს ლამის ეროვნულ გმირად, ამიტომ მათ არავითარ ნათქვამს ფასი არ აქვს. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ჩვეულებრივი სიძულვილის კამპანია, სიძულვილის დათესვის მორიგი მცდელობა, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მორიგი მცდელობა. სინამდვილეში, მათი რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, როდესაც მხარი დავუჭირეთ მიხეილ ყაველაშვილს. მათი აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ სწორედ საუკეთესო კანდიდატი შეირჩა ამ თანამდებობაზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით.
„დავუბრუნდები ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს მათ სალომე ზურაბიშვილი. ახლა ექვსი წლის თავზე აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში და არც უნდა დათმოს, მეშვიდე წელიც უნდა გაატაროს პრეზიდენტის თანამდებობაზეც ამისკენ მოუწოდებს მას ნიკა გვარამია, მოუწოდებენ სხვა ლიდერები, რაც რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, კონკრეტულ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი. ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი წესით კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის ამერიკულის მსგავსი წესი და არა მარტო ამერიკულის, გერმანიაშიც მსგავსი წესით აირჩევა პრეზიდენტი.
„გერმანიაშიც იქნება კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, მიწების წარმომადგენლებისგან, ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ მინიჭებული ხალხისგან კონკრეტული მანდატი და ამ მანდატის საფუძველზე ირჩევენ პრეზიდენტს. აქაც იგივე ხდება - 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხალხმა კოლეგიაშიც კონკრეტული მანდატები, კვოტები მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ანალოგიურად 2021 წელს, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქაც ხალხმა მიანიჭა კონკრეტულ პარტიებს მანდატი, რომ აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ამის საფუძველზე ყალიბდება 300-კაციანი კოლეგია, ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანუ სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის და მისი წარმატების გარანტის მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები.
„ის არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, რაც მან დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში. ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. მას თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით. ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.
ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა. მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები. მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი. ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი რესლური პოლიტიკური პერსპექტივა არის ის, რომ 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
„მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება.
„სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით მისულიყვნენ იუსტიციის მინისტრთან. უკიდურესად ძლიერი იყო კონკრეტული ძალების სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო. აქამდე გააკეთებდა ამას სალომე ზურაბიშვილი, რომ არა ერთი ფაქტორი - რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ. შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ანუ, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს წინასწარი პატიმრობა, რაც არის შეფარდებული მის მიმართ და არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, პრაქტიკული დატვირთვა ამ შეწყალებას ნაკლებად ექნება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.