"პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან" - პრემიერი

ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები. 

„ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას - ერთი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა, სადაც სანქციებს, ვიზალიბერალიზაციასა და ახალი არჩევნები მოთხოვნასთან ერთად საუბარია  მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. 

„ეს არ არის ახალი, ეს არის, თუ არ ვცდები,მე-5 რეზოლუცია, რასაც იღებს ევროპარლამენტი. არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, რომლებიც ითხოვს, გარდა ასეთი მოთხოვნებისა, ამ  რეზოლუციებში არის ჩადებული, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა. სანქციების დაწესება პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან, რაც ჩამოშლიდა ქვეყნის ეკონომიკას. როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ, ბუნებრივია, შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, მათი მე-5 რეზოლუციაც, რომელიც ხვალ უნდა დამტკიცდეს, როგორც ვიცი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოვლენები მომავალშიც, ისევე როგორც აქამდე, საქართველოს სასარგებლოდ წარიმართება.

„მე ვიყავი, მაგალითად, კონკრეტულ ფორუმებზე საზღვარგარეთ, სადაც მონაწილეობდნენ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები, თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერი იყო სხვადასხვა ფორუმებზე, ბუდაპეშტშიც, ინგლისშიც, ბაქოშიც, სამივე ფორმატში იყვნენ წარმოდგენილი ლიდერები. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ვინც ყველაზე მეტად გვემტერებოდა, ის იყო ყველაზე ცუდ ხასიათზე და ვინც ყველაზე მეტად გვემეგობრებოდა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ადამიანები იყვნენ ყველაზე კარგ ხასიათზე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც ვითარდება, იგივე ამერიკულ არჩევნებთან, იგივე რეგიონში მიმდინარე პროცესებთან. ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება. ასეთია დღემდე მიმდინარე პროცესები და დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე გაგრძელდება მოვლენების განვითარება მომავალ წელსაც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დიდი ალბათობით ძალიან მალე დასრულდება ომი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ომის დასრულებასთან ერთად, ძალიან სწრაფად დამშვიდდება არა მარტო ჩვენი რეგიონი, არამედ მთლიანად მსოფლიო. ეს ომი, რა თქმა უნდა, ზოგადად, საფრთხეს უქმნის მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობას, განსაკუთრებით ევროპის სტაბილურობას, შესაბამისად, თითოეული ევროპული სახელმწიფოს ინტერესებშია ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება ინტერესი, აპარატების წარმომადგენლები შეხვდებიან ტექნიკურ მისიას. 

„ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.